პრეზიდენტის თქმით, მას ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობამ მას არ მისცა შესაძლებლობა, შეხვედროდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და მისთვის ემასპინძლა.
„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში“, – წერს ფეისბუკზე.
„ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“, – წერია განცხადებაში.
რამდენიმე კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ძალისხმევით არჩეული სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებში „უნებართვო ვიზიტებისთვის“ კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა.
ზურაბიშვილ პარიზში, ბერლინსა და ბრიუსელში საქართველოს ევროინტეგრაციის ადვოკატირებისთვის ჩავიდა.
თუმცა მთავრობა მას პირიქით, საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობაში სდებდა ბრალს.
მმართველ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოც დაეთანხმა და თქვა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი პარასკევს, 26 იანვარს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია თბილისს და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან. მის დღის წესრიგში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო:
· შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი;
· სასაზღვრო-საბაჟო პუნქტების მუშაობის ოპტიმიზაცია;
· სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია;
· „მშვიდობის გზაჯვარედინის“ წახალისება.
დაწერეთ კომენტარი