კეკელიძის N1-ში დაკავებული კიდევ 3 ადამიანი მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა და 23 იანვარს თბილისის ცენტრში ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული სამი ადამიანი 2000-2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მან დღეს, 26 იანვარს გამოაცხადა.
კეკელიძის N1-ში, ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს ადმინისტრაციული წესით 18 ადამიანი დააკავეს, მათგან 8-ის დაჯარიმების შესახებ გახდა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი – დაკავებულთა ნაწილზე გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა.
აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის N1-ში მდებარე ბინიდან გამოასახლა ოჯახი. პოლიციამ გამოსახლების პროცესის გასაპროტესტებლად ბინაში ოჯახის წევრებთან ერთად შეკრებილ ადამიანებს ჯერ სივრცის დატოვებისკენ მოუწოდა, შემდეგ კი ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარები. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარათ საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და თანამშრომლები.
პოლიციამ საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში 20 ადამიანი დააკავა. მათ შორის – ორი სისხლის სამართლის კოდექსით.
როგორც ბინის ყოფილი მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობს, მან “დან” თანხა 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს თვე-ნახევრის ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა და ბანკის თანამშრომელმა ის კერძო იპოთეკარებთან გადაამისამართა – საბოლოოდ, ხატიაშვილებმა “საქართველოს ბანკს” 10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაუხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000.
აღსრულების ბიუროს პირველი შეტყობინება გამოსახლების შესახებ მარინა ხატიაშვილმა 2019 წლის შემოდგომაზე მიიღო. მაშინ მან სასამართლოს მიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით გამოსახლების პროცესი სამი თვით გადაიდო. ბინიდან გამოსახლების თარიღად 2020 წლის 4 თებერვალი დაინიშნა. იმ დღეს კეკელიძის პირველ ნომერში მისულ აღსრულების პოლიციას ოჯახმა და მისმა გულშემატკივრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოსახლების პროცესი კიდევ გადაიდო და 2020 წლის 20 მარტისთვის დაინიშნა.
მარტის დასაწყისში, კოვიდ-პანდემიის გამო, სახელმწიფომ გამოსახლებებზე საყოველთაო მორატორიუმი გამოაცხადა და მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლება პანდემიის დასრულებამდე შეჩერდა.
ოჯახის გამოსახლების კიდევ ერთი მცდელობა აღსრულების პოლიციას 2022 წლის 17 ივნისს ჰქონდა, თუმცა აუქციონზე გაყიდული ბინიდან მარინა ხატიაშვილის ოჯახის, მათ შორის ჩვილის, გასახლების გადაწყვეტილება შეცვალა ხმაურის, დაპირისპირებისა და ქუჩის გადაკეტვის შემდეგ.
აღსრულების პოლიცია კეკელიძის N1-ში მისული იყო გასულ წელსაც, ზუსტად 23 იანვარს. აღსრულების პოლიციამ მოქალაქეებთან დაპირისპირების შემდეგ გადადო ოჯახის გამოსახლების პროცესი.

ასევე დაგაინტერესებთ