“ქართული ოცნების” ხელისუფლება რეპრესიული კანონების ახალ სერიას იღებს კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეების, აქტივისტების, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დასჯის მიზნით – ამის შესახებ “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველო” წერს.
TI-ის ცნობით, ცვლილებები შედის საქართველოს 7 საკანონმდებლო აქტში.
· ცვლილებების შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა 2026 წლის 28 იანვარს გამოაცხადა. მეორე დღეს – 29 იანვარს ცვლილებების ამსახველი კანონპროექტები ივანიშვილის პარლამენტის ბიუროზე ოფიციალურად დარეგისტრირდა. 2026 წლის 3 თებერვალს პარლამენტმა კანონპროექტები პირველი მოსმენით მიიღო.
ცვლილებები არსებითად კრძალავს და, მეტიც, დანაშაულად აცხადებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობას, მოქალაქეების ჩართულობას საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების შესახებ დისკუსიებში, ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შესახებ ისეთი მოსაზრებების გავრცელებას, რომელიც ხელისუფლებას შეიძლება არ მოსწონდეს, ან მას უკანონო გადაწყვეტილებების მიღებასა ან უკანონო ქმედებების განხორციელებაში ამხელდეს”- წერს ორგანიზაცია.
TVPIRVELI.GE “საერთაშორისო გამჭვირვალობა საარველოს ანალიზს უცვლელად გთავაზობთ:
· სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის წინა მცდელობები
წარმოდგენილი კანონპროექტები ხელისუფლების მორიგი ნაბიჯია, რათა შეზღუდოს ან სულაც მოსპოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება, კრიტიკული მედია და ოპოზიციური პარტიები, ასევე მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტი საქართველოში, რასაც “ქართული ოცნება” წინა თითქმის სამი წლის განმავლობაში მეთოდურად ცდილობდა. წინა მცდელობები, როგორც საკანონმდებლო, ისე ადმინისტრაციული პრაქტიკის საფუძველზე, განხორციელდა:
· 2023 მარტში, როდესაც ხელისუფლებამ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ინიცირება მოახდინა, თუმცა მასობრივი პროტესტის გამო კანონი ვერ მიიღო და უკან წაიღო;
· 2024 წლის მაისში, როდესაც მასობრივი პროტესტის და უკიდურესად ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურების მიუხედავად, მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკი დარბევის ფონზე, ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულ იქნა;
· 2025 წლის აპრილში, როდესაც:
· მიღებულ იქნა ე.წ. „ფარა“, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომლითაც ქართული ოცნებისთვის არასასურველი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებს უცხოეთის „აგენტებად“ რეგისტრაცია დაევალათ და პოტენციური სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი გახდნენ;
· „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით მაუწყებლებს აეკრძალათ „უცხოური ძალისგან“ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსების მიღება და გამკაცრდა სამაუწყებლო მედიის მარეგულირებელი ნორმები;
· მიღებულ იქნა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რომლებითაც აიკრძალა უცხოური გრანტების მიღება ხელისუფლების წინასწარი თანხობის გარეშე;
· 2025 წლის მაისსა და ოქტომბერში, როდესაც ქართულმა ოცნებამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში შეტანილი ცვლილებებით გაამარტივა და დააჩქარა პოლიტიკური პარტიის აკრძალვის პროცედურები; შემოღებულ იქნა აკრძალული პარტიის წევრებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის წესიც; აგრეთვე, 2025 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იქნა კონსტიტუციური სარჩელი სამი წამყვანი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ;
· 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ხუთჯერ შეიტანა ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაში, რომლებითაც ფაქტობრივად მოისპო შეკრების კონსტიტუციური თავისუფლება; 2025 წლის განმავლობაში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული იქნა სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული ხასიათის რეპრესიული ზომები, დაყადაღებული იქნა ბევრი მათგანის საბანკო ანგარიშები, ხოლო მათი ლიდერები მაგისტრატ მოსამართლესთან იქნენ დაკითხული ე.წ. საბოტაჟის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ვითომდაც ჩადენილი სხვა დანაშაულის გამოძიების საბაბით;
· 2024-2025 წლების განმავლობაში, როდესაც სასტიკი რეპრესიული ზომების სერია განხორციდელდა მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად, ასობით პროტესტის მონაწილე იქნა ნაცემი, ათასობით მათგანი მძიმე ფინანსური სანქციებით ან ადმინისტრაციული პატიმრობის სახით რეპრესირებული, მათ შორის, ტროტუარზე დგომის გამო, ხოლო ასზე მეტი პირი იქნა უკანონოდ ბრალდებული და ბევრი მათგანი უკვე მსჯავრდებული;
· 2025 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციური პარტიების 8 ლიდერი იქნა მსჯავრდებული ე.წ. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო და, რომლებიც ახლა დამატებით ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულად არიან ცნობილი და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ამ უკიდურესად შემზღუდველი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიუხედავად, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მაინც ვერ შეძლო სამოქალაქო პროტესტის ჩახშობა, რითაც აიხსნება სწორედ ისედაც რეპრესიული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების ამჟამინდელი მცდელობა.




