პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ეხმაურება “ქართული ოცნების” პარლამენტში გაჩენილ ინიციატივას იმის შესახებ, რომ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ პირები, რომლებიც “კონსტიტუციური ორგანოების” ლეგიტიმაციას არ ცნობენ.
“საკმაოდ სასარგებლოა ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი ქოცების ყურება. პირდაპირ მიგვითითებენ ჩვენი ბრძოლის სისწორეზე და სტრატეგიის შედეგიანობაზე. დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება – ვერ ეღირსებით!
ახლა მე იმ ადგილიდან მოგმართავთ, რომელშიც ვითომ იმისთვის ჩამსვით, რომ მაიძულოთ გაღიაროთ. ოღონდ გამოუტყდით თქვენს თავებს, რომ ჩვენ ორს შორის ცუდად თქვენ ხართ და არა მე. “გიყვარვარ თუ გკიდივარ” კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია. მთელ ამ მძიმე ამბებთან ერთად, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ მტოვებს განცდა, რომ მაიმუნი შეიპარა თვითმფრინავის საჭესთან. ბოლომდე!”, – წერს ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
3 თებერვალს, “ქართული ოცნების” პარლამენტში გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას ისაუბრეს იმ პირთა შესაძლო სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომლებიც “კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას” არ აღიარებენ.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანი ირწმუნება, რომ მსგავსი პრაქტიკა გერმანიაში არსებობს და კოლეგებს შესთავაზა, “გადმოვიღოთ პირდაპირ გერმანიიდან”. საპასუხოდ, მომხსენებელმა, “ქართული ოცნების” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე განაცხადა, რომ თავად მოსწონს ინიციატივა და პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, მომდევნო მოსმენისთვის შესაბამის ცვლილებას ასახავს კანონპროექტში.




