ბაქოს სააპელაციო სასამართლომ 5 თებერვლის გადაწყვეტილებით მწვანე შუქი აუნთო დაპატიმრებული მკვლევრის, ბაჰრუზ სამადოვის მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანას, რის შემდეგაც სამადოვმა შიმშილობა გამოაცხადა.
აქტივისტი, მკვლევარი და ჟურნალისტი ბაჰრუზ სამადოვი „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებითაა დაკავებული. მან 2025 წლის ივნისში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, ამჟამად სამადოვი აზერბაიჯანის მე-11 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
მას გადაიყვანენ „უმბაკის გამოსასწორებელ დაწესებულებაში“, რომელიც მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა.
გამოცემა OC Media-ს ცნობით, დღევანდელ პროცესს ბაქოში აკრედიტებული რამდენიმე ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ, რის გამოც სამადოვმა სიტყვის ნაწილი ინგლისურად წარმოთქვა.
მან განაცხადა, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს არ შეუძლიათ მშვიდობის დამყარება – იქვე გამოთქვა იმედი, რომ „ყველასთვის მშვიდობა დამყარდება“.
31 იანვარს, წინა სხდომისას, მან მიმართა „დემოკრატიული სამყაროს“ წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, და განაცხადა, რომ უმბაკის ციხეში გადაყვანის შემდეგ გარესამყაროსტან კონტაქტი აეკრძალება.
მათ შორის, აეკრძალება კონტაქტი ადვოკატთან.
26 იანვარს გავრცელებული განცხადებით, აზერბაიჯანის მთავრობას სამადოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდა სლოვენიელმა ფილოსოფოსმა სლავოი ჟიჟეკმა.
„მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო გეგმავს სხვისი ხელებით ჩემი სიცოცხლის ფიზიკურად დასრულებას“, – თქვა სამადოვმა სასამართლო სხდომაზე.




