ბათუმის დრამატულმა თეატრმა გააუქმა რეჟისორ გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლის, DARK WEB-ის პრემიერა, რის მიზეზადაც „სუბიექტური პოლიტიკური აქტის“ მოლოდინი დაასახელა.
„საპრემიერო ჩვენებიდან ორი დღით ადრე, თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“, — აცხადებს ბათუმის დრამატული თეატრი.
5 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში თეატრი „კატეგორიულად ემიჯნება“ იმას, რასაც „თეატრის სივრცის პოლიტიზირებას“ უწოდებს.
· ბათუმის თეატრს 2025 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს მსახიობი კოტე მჟავია, — მსახიობი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ „ღამის შოუში“ 2023 წელს „ცნობილ თამადად“ გააცნეს საზოგადოებას;
· კოტე მჟავიამ ამ პოსტზე „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ნუკრი ქანთარია ჩაანაცვლა. დირექტორს აჭარის კულტურის სამინისტრო ნიშნავს.
„სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს“
„პოლიტიკის შემოტანა სცენაზე სცილდება ხელოვნების ჩარჩოებს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტს“, – აცხადებს ბათუმის დრამატული თეატრი.
„შესაბამისად, დაგეგმილი სპექტაკლი რომლის შინაარსიც არ შეესაბამება აღნიშნულ პრინციპებს, უქმდება“, – წერია განცხადებაში.
თეატრი აცხადებს, რომ იგი „დარჩება კულტურისა და ხელოვნების სივრცედ, თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან“ და მაყურებლებს შეძენილი ბილეთების თანხას დაუბრუნებს.
რადიო თავისუფლება ცდილობს რეჟისორთან დაკავშირებას მისი კომენტარის მისაღებად.
DARK WEB-ის შესახებ
პრემიერა 7 თებერვალს იყო დაგეგმილი. ბილეთები სრულად გაყიდული იყო.
აფიშის თანახმად, DARK WEB-ი (ქართულად „ბნელი ქსელი“) არის გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლი, რომელიც „რეფლექსირებს თანამედროვე ციფრულ სამყაროში გაბატონებულ ძალადობასა და სისასტიკეზე“ და „იკვლევს ძალადობის წარმოშობის მიზეზებსა და მოტივაციებს“.
სპექტაკლში თამაშობდნენ: მეგი კობალაძე, დავით ჯაყელი, ეკატერინე ჩავლეიშვილი, გიორგი ყურავა, თეონა შამილაძე და თათია თათარაშვილი.
მასზე მუშაობდნენ:
· მხატვარი – მარიამ ძმანაშვილი
· კომპოზიტორი – ანუშკა ჩხეიძე
· რეჟისორის ასისტენტი – თეონა ლორთქიფანიძე
· განათების მხატვარი – რეზი ლორთქიფანიძე
· ვიდეო – ამიკო ბაკურაძე, ზაზა გოგია
· პროგრამული განათება – გიორგი მოზგოვოი
· კამერა – ანა ბერიძე
· აუდიო სისტემის ოპერატორი – დავით ნაკაშიძე.
რეჟისორის ვებსაიტზე გამოსახულია პრო-ევრული დემონსტრაციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი პოსტერი.




