ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მზად არის, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართოს და მათ კითხვებს პირადად უპასუხოს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, დღევანდელ შეხვედრაზე, კლინიკასთან და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თითოეული საკითხი დეტალურად იქნება განხილული. შეხვედრა ერთ საათშია ჩანიშნული, იქამდე კი საინიციატივო ჯგუფის წევრები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.
მედპერსონალის პოზიცია ორადაა გაყოფილი – ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრს მხოლოდ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ შეხვდებიან, ნაწილი კი საქმიანი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს, რადგან საკუთარი მოთხოვნების წამოყენებას მიმდინარე აქციაზე აპირებენ.
მათივე თქმით, კლინიკის დემონტაჟი არ უნდა განხორციელდეს, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია ახალი შენობა აშენდეს ისე, რომ მათ საქმიანობა არ შეუწყდეთ და უწყვეტ რეჟიმში გააგრძელონ პაციენტების მიღება. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება გაუქმდეს.
“ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას არ ვაპირებთ და ეს დილით მას უკვე ვაცნობეთ. ჩვენი მოთხოვნა ისევ არის და უცვლელი რჩება, შეწყდეს ნაჩქარევად მიღებული რეორგანიზაციის გადაწყვეტილება და სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლები დავუბრუნდეთ სამუშაო რეჟიმს, რომ მივიღოთ სახელმწიფოსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალისთვის მისაღები გადაწყვეტილება,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
“ჩავატარებთ აქციას, მინისტრთან ან ნებისმიერ პირთან, ვისაც ეხება რესპუბლიკურის მომავლის ბედი, აუცილებლად გავმართავთ შეხვედრას, თუკი შეხვედრა იქნება რაიმე ახალზე, პრობლემის გადაწყვეტაზე, ან ისევ და ისევ კომპენსაციების დარიგების თემაზე, რაზეც ჩვენ უარს ვაცხადებთ,” – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.