კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული პირების საქმის განხილვები გრძელდება. 20 დაკავებულიდან 18 ადმინისტრაციულია, 2 კი სისხლის სამართლის საქმე.
აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლს ედავება, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ორივეს 3-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ადვოკატი, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს ჯერ არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, მაგრამ ხშირად ხდება, რომ პოლიციის უსაფუძვლო ბრალდებებს სასამართლო ითვალისწინებს.
“მიუხედავად იმისა, რომ არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულებები, არ ვიცით ჯერ სასამართლოში რა პოზიციები და რა მტკიცებულებები ექნება პოლიციას, თუმცა სამწუხაროდ, ძალიან ბევრ საქმეში არის შემთხვევები, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებს აჟღერებს პოლიცია. ხშირად, სასამართლო მაინც ითვალისწინებს მას, მიუხედავად იმისა, რომ აქეთა მხარეს მტკიცებულებები არის, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანს არ ჩაუდენია არანაირი სამართალდარღვევა და კანონდარღვევა”, – განაცხადა გურამ იმნაძემ.