მარტოხელა დედა, ინდრია ჯგერნაია წლებია, რაც 7 წლის ანდრიას მარტო ზრდის. ამბობს, რომ არ გასჭირვებია, რადგან დედა ძალიან ეხმარება. ძირითადად, კორპორატიულ საღამოებზე იწვევენ. მუშაობს ბევრს და აღარ ფიქრობს პირადი ცხოვრების მოწყობაზე, რადგან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილია და მის გამო, შესაძლოა, ბევრ რამეზეც თქვას უარი, მათ შორის სიყვარულზეც…
– არ არის რთული, თუ სწორად გაქვს გააზრებული, რომ არავისი იმედი არ უნდა გქონდეს. მაგრამ როცა დამხმარე არ გყავს, წარმოუდგენელია. მე ისეთი დედა ვარ, რომ სხვას შვილს ვერ ვანდობ. ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ჩემი საქმე მე გავაკეთო, რის გამოც, მერე დროის განაწილებაზე მექმნება პრობლემა, ბევრ რამეს ვეღარ ვასწრებ. მიუხედავად ამისა, რაც ანდრიას ეხება, ყველაფერში ჩართული ვარ. შეიძლება ამის გამო, ახლობლებს, მეგობრებს რამე დავაკლო, იმიტომ რომ ჩემთვის პრიორიტეტი შვილია.
– რამაც არ მომკლა, ყოველთვის გამაძლიერა-თქო, ამ სიტყვებს ხშირად ვიყენებ. ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ძალიან კარგია, რომ ანდრია დღეს ჩემს ცხოვრებაშია.
– ვისთან მეგობრობთ მომღერლებიდან?
– თითქმის ყველასთან, ჯერ მარტო ჩემს შვილს 17 ნათლია ჰყავს. ზაფხულში მოვასწარი მონათვლა, სანამ ნათლიებზე შეზღუდვები დაწესდებოდა. აქედან ცნობილები არიან ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ლელა წურწუმია. მყავს მეგობრები, ვისაც 30-მდე ნათლია ჰყავს, ხუმრობენ ხოლმე, რა იყო, ლომბარდს ხსნიო. მეც მეუბნებოდნენ, ბავშვმა ცოლი ხომ უნდა მოიყვანოს, ყველა რომ მისი ნათესავი გახდაო, მაგრამ ისეთი ხალხი შევარჩიე, ვისთანაც იქამდეც მქონდა ახლო ურთიერთობა ან ნათესაური კავშირი.
– ინდირა, ბოლო წლებში შეყვარებული აღარ ყოფილხართ, რა არის დღეს თქვენთვის სიყვარული?
– მაგაზე ვხუმრობ ხოლმე, ეგ რა არის, იჭმევა-მეთქი? – იმას თუ გულისხმობთ, რომ მეორე ნახევარი და რაღაც… არა, ძალიან უნდობლობა მაქვს.
– ასე მგონია, მხოლოდ შვილის ცხოვრებით ცხოვრობთ…
– უკეთესი ვინ ვნახე, ვისითაც მიცხოვრია? არ ვთვლი, რომ სიყვარული აუცილებელია. ჩემ დროს, ენერგიას და ოქროს წლებს ანდრიას თუ მოვაკლებ, მეშინია, რომ წინ კიდევ დიდი იმედგაცრუება მელოდება.