დადგენილების პროექტი სხდომაზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა:
„ძალიან მყისიერად გამოვეხმაურეთ საკანონმდებლო ორგანო და გამოვთქვით მზაობა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სენსიტიურ საკითხზე გაიხსნას კომისია საზოგადოებისთვის. ეს არ არის საგამოძიებო კომისია თავისი არსით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა ჩვენმა ე.წ. ოპონენტმა ბევრი სპეკულაციური განცხადებები აკეთა. ჩვენ ვიყავით მკაფიო, რომ ჩვენ ამ ყველაფერს შევისწავლით და ამ საკითხის გადაჭრის გზებისკენ ვიფიქრებთ, მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესთან ერთად და ბიზნესის ჩართულობით.
საზოგადოებას ამ კომისიის შექმნის შემდეგ, როდესაც ეს კომისია დაიწყებს მუშაობას, ექნება საშუალება, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალყური იმ პროცესს, რომელიც წარიმართება საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
წინასწარი ინფორმაციით, კომისია 14 წევრისგან შედგება. კვოტები კი ასე გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 7; „ხალხის ძალა“ – 3; „საქართველოსთვის – 3; ევროსოციალისტები“ – 1.
როგორც 29 იანვარს განაცხადა სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საპარლამენტო დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
დადგენილების თანახმად, კომისიამ უნდა შეიმუშავოს და მოამზადოს შესაბამისი დასკვნა და რეკომენდაციები.
კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება.
„ქართულმა ოცნებამ“ უკვე შექმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელიც სურსათის ფასებს სწავლობს.
22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სურსათზე ფასის წარმოქმნის შესახებ დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამოღება დაიწყეს.
„სასამართლოს ათობით განჩინების საფუძველზე სუსმა გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა კომპანიებიდან, შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნებით, სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების ამოღება დაიწყო“, – განაცხადეს სუსში.
გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, – ევროპულთან შედარებით, – განაპირობებს მაღალი ფასნამატი და მოგების მაღალი მარჟები. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი და მოითხოვა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა.




