თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელიც შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას ახდენს.
ოქმი თურქეთის ოფიციალურ გაზეთში 25 იანვარს გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევიდა. ამრიგად, თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის ნატო-ში შესვლა.
„მივესალმებით თურქეთის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირებას. ჩვენ ახლა მივაღწიეთ გადამწყვეტ ეტაპს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობის გზაზე”, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს საღამოს, მრავალსაათიანი დებატების შემდეგ, შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. უნგრეთი ალიანსის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ კიდევ არ მოუხდენია.
