„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილები თავისი შინაარსით უფრო მძიმე შედეგების მომტანია, ვიდრე “რუსული კანონი”, – ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა. სიორიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის და არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აზრი.
„საერთოდ, ეს და მსგავსი კანონები არის ამ რუსული კანონების სერიალის გაგრძელება. ის შედეგი, რომელზეც ჩვენ 2-3 წლის წინ ვსაუბრობდით. ის გზა, რომელიც პუტინის რუსეთმა გაიარა, ახლა საქართველო გადის. „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის, არც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აზრი, თუმცა არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, უკვე აქვს მას ადეკვატური გამოხმაურება. მაგალითად, მნიშვნელოვანი იქნებოდა ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიის შეფასება, რომელსაც მსგავს საკითხებზე კომპეტენტური პოზიციის და დასკვნების დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ესეც მნიშვნელოვანია ჩვენს ამ ბრძოლაში, თუმცა ყველაზე ეფექტური ყოველთვის არის ხალხის მშვიდობიანი წინააღმდეგობა, ხალხის ძალა, როგორც ეს რუსული კანონების აქციების დროს გამოჩნდა“, – განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ფართოვდება „გრანტის“ განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე, ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება“ განმარტავს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად საქართველოს მთავრობას მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის წესით დაეკისრება.
გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებს, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას – ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.




