ილია ინჯია „ქვეყნის სუვერენიტეტის გასამტკიცებლად“ სახელმწიფო ბანკის შექმნის ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ სახელმწიფო ბანკის დაფუძნების წინადადებით გამოდის. აღნიშნული ინიციატივა პარტიის ლიდერმა, ილია ინჯიამ, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გააჟღერა.

ინჯიას განცხადებით, სახელმწიფო ბანკის შექმნა ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებასა და სოციალური მიმართულებით რეგულაციების გამარტივებას ემსახურება. დეპუტატის თქმით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია პროდუქტებზე ფასების დარეგულირებასთან.

„უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცებისთვის ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გააადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური მიმართულებით, რომელიც საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ილია ინჯიამ.

პოლიტიკური ჯგუფის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა საბანკო სისტემისა და საპროცენტო განაკვეთების როლზე ფასწარმოქმნის პროცესში. მისი თქმით, ფასების კლების მიმართულებით მუშაობა ოპერატიულად უნდა დაიწყოს, თუმცა ეს პროცესი პროდუქციის ხარისხზე უარყოფითად არ უნდა აისახოს.

ინჯიას განმარტებით, ფასების ფორმირების დეტალებსა და საბანკო სექტორის მონაწილეობაზე მეტი ინფორმაცია შესაბამისი კომისიის მუშაობის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც “ოცნების” პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, “ფასების კომისიის” წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს “ფასების სამთავრობო კომისიამ” პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ “ფასების სამთავრობო კომისია” მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)