ამბობს, რომ რადიო მისი „სიყვარულის ორბიტაა“. საქართველოს რადიო, ანუ როგორც ეძახდნენ, ხაზის რადიო, მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესია. ქალბატონი ნუნუ დალაქიშვილი კი იმ რადიოს ფონდის საკვლევ–საძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ცნობილი ქართველების ხმებს ოცი წლის განმავლობაში უსმენდა და იკვლევდა. რადიოს ოქროს ფონდში შემონახული დაახლოებით 20 000-მდე უნიკალური ჩანაწერი მოისმინა და გაშიფრა. მოგვიანებით, ფონდის ჩანაწერებზე დაყრდნობით გამოუშვა წიგნი „საუკუნის ხმები“, რისთვისაც ნიკო ნიკოლაძის პრემია მიენიჭა. გარდა ამისა, მისი წიგნი უნივერსიტეტის კათედრაზე ერთგვარი ჟურნალისტური გზამკვლევი გახდა. ჩვენთან საუბარში იხსენებს იმ იშვიათ ჩანაწერებს, რომელმაც თავის დროზე, მსგავსი უნიკალური წიგნის დაწერის სურვილი გაუჩინა.
– ქალბატონო ნუნუ, როგორ მუშაობდით ამ წიგნზე, ალბათ გარკვეული სირთულეებიც არსებობდა….
– თავიდან უნიკალური აუდიომასალების გაშიფრულ ვერსიებს ტელევიზიის გაზეთში რამდენიმე წელი ვაქვეყნებდი. ასამდე უნიკალური მაგნიტო-ჩანაწერის საფუძველზე კი პუბლიცისტური მასალები დავწერე. შემდეგ ამ ყველაფერს ერთად მოვუყარე თავი და ლევან ფოფხაძის სტამბაში ათასი ცალი ეგზემპლარი იმ პირობით დამიბეჭდეს, რომ თანხას შემდეგ გადავიხდიდი. აქვე გეტყვით, რომ ძალიან გამიჭირდა საავტორო უფლების მოპოვება. იმ ლეგენდებისა და კორიფეების შთამომავლებთან შეხვედრის მერე, როცა მათ წიგნის ეგზემპლარები შეიძინეს, სტამბის ვალის გადახდას ყოველთვიურად ვახერხებდი. ამ წიგნმა შეიძლება ითქვას, რომ მეც უნიკალურად მაქცია, რადგან ადამიანების შთამომავლებმა თავისიანად მიმიღეს, რაც ჩემთვის უდიდესი სიხარული და დღესასწაული იყო. წიგნმა მკითხველების დიდი მოწონება დაიმსახურა. მიხარია, რომ ის უნივერსიტეტის კათედრაზე ჟურნალისტური გზამკვლევი გახდა.
– საინტერესოა, იმ ჩანაწერებიდან ყველაზე ძველი რომელია?
– ერთხელ, მე, როგორც ჟურნალისტ-მკვლევარი, დავინტერესდი რადიოს ოქროს ფონდში ყველაზე ადრე შემოსული რომელი მაგნიტო-ჩანაწერი იყო. აღმოვაჩინე, რომ ასეთი ყოფილა ხალხური სიმღერები, რომლებიც ძალიან არქაულად ჟღერს. ის ჩანაწერი1907 წლითაა დათარიღებული და სიმღერებს ასრულებს გურული მომღერლების ანსამბლი გიგო ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. ჩანაწერები აკაკის წერეთელს ჩამწერ სტუდიაში 1913 წელს მოასმენინეს და ამაზე არავინ ლაპარაკობს, რადგან ჰგონიათ, რომ ყველაზე ადრეული აკაკის ხმა არის. ამას გარდა, მე ზუსტად 40 ხმა მაქვს გაშიფრული, 40 ძალიან საინტერესო ისტორია, რომლის გმირებიც არიან: მიშა ჭიაურელი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა ნუცუბიძე, აკაკი ბაქრაძე…
– თქვენზე რომელმა ჩანაწერმა მოახდინა დიდი შთაბეჭდილება?
– ამ ჩანაწერებიდან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დაუმონტაჟებელმა ჩანაწერებმა მოახდინეს. შემთხვევით მოვისმინე კონსტანტინე გამსახურდიას ტირილი როდესაც ის გოგლა ლეონიძისთვის გამოსათხოვარი სიტყვის ჩასაწერად სტუდიაში მიიწვიეს. მან ტირილი დაიწყო და თან წყალი, წყალი მიაწოდეთო! – ხმები ისმოდა. უცნობს გალაქტიონ ტაბიძე ნაბახუსევზე ჩაუწერია, როცა ის თავისი ბუბუნა ხმით საკუთარ ლექსს „სახლი ტყის პირად“ მღერის. ძალიან საინტერესო ჩანაწერია. ერთხელ ჰამლეტ გონაშვილი მიიწვიეს ნიკოლოზ ბარათაშვილის რადიოდადგმაზე, სადაც გიტარის თანხლებით ბარათაშვილის ლექსები ამღერეს. რადიოდადგმაში „ზვავი“ სერგო ზაქარიაძის პატარა წაღიღინებაა. ასევე ერთ ჩანაწერში სტუდენტობის ფესტივალზე გელა ჩარკვიანის ნამღერი „მდინარე ხიდის ქვეშ“ ისმის.
– რადიოს ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით საინტერესო იდეები გქონდათ, რის შესახებაც თავის დროზე არ გაგიმჟღავნებიათ…
– რადიო ხომ ჩემი სიყვარულის ორბიტაა დღემდე… მაშინ, რადიოს 100 წლისთავისთვის, მომინდა, რომ მივბრუნებოდი ჩემს აუდიო ჩანაწერებს, რომელსაც ოქროს ფონდი ინახავს. ისინი გადავიწერე, შვიდ ჩანაწერს ბატონ ნიკო მესხიძის წყალობით გამოსახულება დავურთე, ფილმებად ვაქციე და ინტერნეტში განვათავსე. მაშინ მინდოდა, რომ ჩემი წიგნის „ნეკისტოლა ნოველების“ პრეზენტაციაზე ეს ფილმებიც წარმედგინა. ასე შევხმიანებოდი რადიოს ასი წლისთავს, მაგრამ ავადმყოფობის გამო ეს პრეზენტაცია არ შედგა და ჩანაფიქრი ჩამეშალა.
– ვიცი, რომ რადიოსთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები დღესაც გაქვთ…
– საქართველოს რადიოს კიდევ მრავალსაუკუნოვან სიცოცხლეს ვუსურვებ. მიხარია, რომ მას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მათ მესვეურებს ალბათ ექნება იდეები, მაგრამ მე, ჩემს მოსაზრებებს გაგიმხელთ. შეიძლება შეიქმნას რადიოს ოქროს ხმების მუზეუმი, რომელიც ქალაქის ტურისტულ მარშრუტში იქნება ჩართული. რადიოს თავისი გიდი ეყოლება. იმ მუზეუმში ახალგაზრდები ამ უნიკალურ ჩანაწერებს გაეცნობიან, შეიძლება შეიქმნას რადიოს ქართული საუკუნის ხმების ბრენდი. კარგი იქნება არსებობდეს სალაღობო გვერდი, სადაც ფონდში არსებული ბევრი იუმორისტული ჩანაწერი გავა, ის გააცოცხლებს რადიოს. ამას გარდა, შეიძლება საიუბილეო ბუკლეტის გამოცემა და რადიოს გზამკვლევის მომზადებაც, კიდევ ბევრი რამ… ვისურვებდი, რომ ჩემი მოგზაურობა ამ უნიკალურ ხმათა სარკოფაგში კიდევ გაგრძელდეს და ერთი უტოპიური სურვილიც მაქვს…
– ისიც რადიოს უკავშირდება?
– დიახ, ასეა… მინდა, რომ რადიო საუნჯე უსასყიდლოდ დაურიგდეს: სკოლებს, უნივერსიტეტებს, მუზეუმებს, რათა ეს ქართული ხმები ყველგან გაჟღერდეს. ახალმა თაობამ კარგად იცოდეს: ვისი გორისანი არიან, ვინ იყვნენ მისი წინაპრები და იცოდნენ საითკენ უნდა იარონ. იარონ, იარონ, ამინ!..
– ადრე თქვით, რომ „ღიმილის გალაქტიკას“ ეძებთ და ფსევდონიმად ღიმილაც ამიტომ დაირქვით. იპოვეთ, რასაც ეძებდით?
– ამ ასაკში მივხვდი, რომ ასეთი გალაქტიკა კი არ უნდა ეძებო, თავად უნდა შექმნა. თავად უნდა იყო მიმტევებელი, ლუკმის, დროის, სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელი… ახლა, როცა საქართველო, ხატოვნად რომ ვთქვათ, ორპირ ქარში დგას და ზოგჯერ დერეფანსაც გვეძახიან, როცა ჩვენი ქრისტიანული ყოფა ნულოვანი და ყალბი მორალის ურა-პატრიოტებითაა სავსე, გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ. კომპას დაკარგულებივით არ უნდა ვირბინოთ აქეთ იქით, უნდა შევჯერდეთ და სამყაროში ჩვენი ადგილი მოვძებნოთ. სიყვარულის ბილიკს უნდა დავადგეთ და ტაძრამდეც აუცილებლად მივალთ…
თეონა გოგნიაშვილი




