“რეჟიმთან დებატებზე – ცოტა ვრცლად.
რეჟიმის პროპაგანდის ორგანოებს რომ უზარმაზარი აუდიტორია აქვს, ეს ჩემზე უკეთ ცოტა ოპოზიციონერმა იცის, იმიტომ რომ მე ამ აუდიტორიით ვისარგებლე მაშინ, როცა საკუთარი ოჯახის გარდა, ყველა მაქენსელებდა :დ
მერწმუნეთ, რომ ძალიან კარგად ვიცი რა ფასი აქვს ქოცურ აუდიტორიაზე გასვლას.
ზუსტად ამიტომ არ ვიძახი უარს არასდროს მათთან პირდაპირ ეთერზე.
იქამდე, სანამ მაკა ცინცაძესთან, თამთა სანიკიძესთან, ნინო შუბლაძესთან, ვახო ხუზმიაშვილთან, და ნებისმიერ სხვასთან ჩემი პირობებით მისვლა შემიძლია, ყოველთვის გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას.
ოღონდ ერთია რეჟიმის პროპაგანდას გამოაყენებინო თავი ბალანსისთვის და ამის სანაცვლოდ შენ მიწვდე მოწინააღმდეგის ბანაკს და ზოგადად – ძალიან დიდ აუდიტორიას.
მეორეა ისეთი დელუზიური იყო, რომ რეჟიმის პოლიტიკური ინიციატივაში მონაწილეობას შეხედო ტვ იმედის და რუსთავის აუდიტორიაზე გასვლად.
“რეჟიმთან დებატები” არ არის რეჟიმის პროპაგანდის ორგანოების მცდელობა დაბალანსებულად წარმოჩინდნენ საკუთარი აუდიტორიის, ან დამკვირვებლების თვალში.
ეს არის უშუალოდ რეჟიმის პოლიტიკური მანევრი.
რაში სჭირდებათ?
რეჟიმს აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა – ძირი აქვს მის ლეგიტიმაციას გამოთხრილი.
ის იზოლირებულია დასავლეთიდან.
ის იზოლირებულია პარლამენტში (გახარიასთან ერთად)
ის იზოლირებულია საკრებულოებში
ყველა კვლევაში იკვეთება, რომ ყველა ქოცს აწუხებს გარიყვა.
პაპუაშვილი ახლაც ამას ყვირის, რომ უფურთხებენ ჩაიში, პარანოია აქვს.
ამის შემოტრიალება უნდათ სურათის შექმნით, რომ ოპოზიციას ელაპარაკებიან.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ კონსულტანტებმა ურჩიეს ისეთი ილუსტრაციის შექმნა, სადაც ესენი ოპოზიციას ელაპარაკებიან.
რატომ უნდა დავეხმაროთ? ელაპარაკონ თავის პროქსებს – დაინახოს ხალხმა რომ კეთროვნები არიან.
არის მოსაზრება რომ მივიდეთ და გავაფარჩაკოთ თავის ტერიტორიაზე:
იმედია არ მჭირდება თქვენი დარწმუნება, რომ ერთი სული მაქვს ბიძინას რომელიმე მარიონეტი ჩავიგდო ხელში, ავაგდო და აღარ ჩამოვაგდო (რამხელა ელექტორალური ეფექტი ექნება თან, ხო ვიცი)!
მაგრამ ამას რატომ იზამენ? რატომ ჩამიგდებენ ხელში ამ შესაძლებლობას? ეს თვითონაც ხომ იციან? და მე გოიმივით რატომ უნდა ავვარდე?
ინიციატივა ჩვენ გვაქვს რეჟიმთან დებატების ტერიტორიაზე? პირობებს ჩვენ ვაყენებთ?
არც ინიციატივა გვაქვს! ვერც პირობებს დავაყენებთ!
ვერავინ დააყენებს – ვერც პოლიტიკოსი, ვერც მედია!
არ გვაქვს ეგ ძალა ახლა.
გვექნება, როცა ქუჩა გადაიჭედება.
ქუჩაში უნდა გაფარჩაკდეს რეჟიმი.
რეჟიმის გაფარჩაკების სხვა ადგილი ჯერ არ არსებობს.
ჯერ ქუჩაში უნდა გაფარჩაკდეს და პირობების დაყენებას მხოლოდ ამის მერე შევძლებთ.
იქამდე, მათ პოლიტიკურ მანევრებში მონაწილეობა მათი აღიარებაა და აღიარებისთვის იბრძვიან.
და აი როცა პირობების დაყენების ძალა გვექნება – დებატებშიც გავაფარჩაკებთ, პოლიტპატიმრებსაც გავათავისუფლებთ და თავისუფალ არჩევნებში ხო გავაფარჩაკებთ და გავაფარჩაკებთ.” – წერს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი




