: ჩვენ არ ვებრძვით ახირებულ მილიარდერს, ვებრძვით რუსეთს და განგაშის დროა

„დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს“, – ამბობს .

ყოფილ პარლამენტარს და ამჟამად „ევროოპტიმისტების“ წევრს, რეპრესიულ კანონში „ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებზე, ასევე რეზონანსულ დაკავებებზე ვკითხეთ, რაც ადასტურებს, რომ 13 წელია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია.

ბრალდებულია ორი ყოფილი პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მისი ყოფილი მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ასე შემდეგ … 

  • ბატონო რომან, ორჯერ მართავდა ქვეყანას პრემიერი, რომელსაც დიდი ოდენობით ფულის ლეგალიზებას ედავებიან, მეორეს კი ბრალად ედება ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. დაკავებებით თუ ვიმსჯელებთ, „ოცნება“ თავადვე აღიარებს, რომ წლებია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია? 

„ოცნება“ მასშტაბური რეპრესიები იგრძნობოდა აბსოლუტურად ნეიტრალური თემებით, ვითომ ამ მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის ჩვენებით, ღარიბაშვილის მთავრობასთან შედარებით.

ერთი შეხედვით მასშტაბური კორუფცია იკვეთებოდა იმ განცხადებებში, რასაც აკეთებდა, მაგრამ მეორე მხრივ აღქმული იყო, როგორც ტრაბახი, აი ჩვენ დავიწყებთ წინამორბედი პრემიერის და მთავრობის შეცდომების გამოსწორებას… ამას დაჭერების სერია რომ მოჰყვებოდა, არც კი წარმოედგინა ვინმეს.

მაგალითად, აბსურდული იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ერთი ჯიხური საქართველოში ათეთრებს 700 მილიონ ლარს ორ წელიწადში, თურმე ვიღაცას მანქანით შემოჰქონდა აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან დოლარები, ამ ჯიხურმა გაატარა და შეიტანა ბანკში. ჯიხურის მფლობელი დააკავეს, ოღონდ ბანკში, სადაც მიჰქონდათ, არაფერი გაუკეთებიათ. 

ჩვენს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ლარის, დოლარის, ევროს მთლიანი კონვერტაცია წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი ლარისაა, ეს დაახლოებით 4 მილიარდი დოლარია. წარმოგიდგენიათ, რომ 700 მილიონს ორ წელიწადში ათეთრებდეს ჯიხური? – მინიშნებები იყო, რომ ეს არის ფულის გათეთრებაზე.

მომავალში გამოჩნდა, რომ ლილუაშვილის ბოსტანში ისროდნენ კენჭებს

ასევე პასუხისმგებელია გომელაური, ვინაიდან საზღვრის დაცვა პირდაპირ -ს დაქვემდებარებაშია, თუმცა ის ჯერჯერობით ასცდა რეპრესიებს. როგორც ჩანს, ის არ წარმოადგენს ივანიშვილისთვის საფრთხეს.

ამას მოჰყვა განცხადება, რომ 700 მილიონი ლარი დაზოგეს სახელმწიფო საწარმოებში. ჩვენთან მთავრობა დაახლოებით 400-მდე საწარმოში მონაწილეობს, როგორც აქციონერი ან პარტნიორი. საოცრებას ამბობდნენ, რომ თურმე 348 მილიონი ლარი დაზოგეს მხოლოდ ტენდერებში, ანუ პირდაპირ ამბობდნენ, რომ ვიღაცები ან იპარავდნენ ამ ფულს, ან არაეფექტიანად იყენებდნენ.

ძირითადად ვის ეხება ეს? – სახელმწიფო საწარმოებს, ეს არის რკინიგზა, ელექტროგადაცემა, გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზისა და ნავთობის კომპანია, ენერგეტიკული ობიექტები, როგორიც არის გარდაბნის თბოსადგურები, ენგურჰესი და ა.შ. უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოები, სადაც თურმე იფლანგებოდა ფული.

  • როცა ამბობ, რომ ფულს იპარავდნენ შენი მთავრობის მაღალი რანგის მოხელეები, ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერი, სხვადასხვა დროს შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ეს რას ნიშნავს?

ნელ-ნელა უთხრიდნენ ორმოს ღარიბაშვილს და ამას მოჰყვა ეს დაკავებები – ღარიბაშვილის დაკავება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დაკავება. თავდაცვის მინისტრი დაიჭირეს იმის გამო, რომ მან იყიდა ისეთი ჯანდაცვის აპარატურა, რომელიც ღირდა 2 მილიონ ნახევარი და გადაიხადა 3 მილიონ ნახევარი, ანუ ტენდერების გაბერვის თემაა. აგერ გამოჩნდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე…

ეს ყველაფერი შეზავებულია შიდა პოლიტიკური ბრძოლის მოტივებით, ივანიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობით, შიშებით ვაითუ ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა ამერიკელებთან კუდი გააქიცინონ ან მიღალატონ. ვინაიდან გომელაური დაასანქცირეს და მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს, ამან გადაარჩინა დაჭერას.

ღარიბაშვილის შვილი ამერიკაში სწავლობს, არც გამოუშვიათ. ლილუაშვილი გადაყენების შემდეგ ამერიკაში წავიდა და დაბრუნდა – ეჭვები, შიდაპარტიული ინტრიგები, რა თქმა უნდა იყო.

მთავარი ლოზუნგი იყო – მე შეგქმენით, ყველანი ქუჩიდან მოგიყვანეთ, რიგითი თანამშრომლები „ქართუდან“: გომელაური, ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ანუ ვისაც იჭერს, ყველანი მისი გამოზრდილია – ფული გაშოვნინეთ და ახლა, როდესაც სანქციები დამიწესეს, გინდათ მშრალად გამოხვიდეთ? – მე გაგაძღეთ, გაპარვინეთ ფული ბიუჯეტიდან, ამიტომ სამარეში უნდა ჩამყვეთ. 

მოინდომებთ დისტანცირებას, წახვალთ ციხეში – შიშის ზარი დასცა ყველას. ეს შიდა პარტიული შიშის კოშმარის დათესვაა. ეს ყველაფერი ხდება ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად.

  • ფასების დარეგულირების ამბავი როგორ შეიძლება გაგრძელდეს, აქაც ხომ დიდი ბიზნესი და დიდი ფულია.

ფასების წინააღმდეგ ბრძოლას ორი მიზანი აქვს, ერთი, რომ ფასები მართლა 50 პროცენტით გაიზარდა სურსათზე და ჯანდაცვის სფეროში გაცილებით მეტით, ოღონდ საქსტატი იტყუება.

საოცრებას ვხედავთ – პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომლითაც საქსტატის ხელმძღვანელის თანამდებობა 8 წლის განმავლობაში შეიძლება ამ ადამიანს ეკავოს. 

საქსტატის ხელმძღვანელი, რომელიც აყალბებს სტატისტიკას – ქვეყნის ეკონომიკას ყალბად ზრდის, ანუ მშპ-ს მაჩვენებელს აყალბებს და უმატებს, ხოლო ფასების ზრდის მაჩვენებელს აკლებს – იმდენად კომფორტულია მათთვის, რომ უნდათ ისევ ეს ადამიანი დასვან მანდ.

მერე დაწევს ინფლაციას და იტყვის – აი, მთავრობის ძალისხმევით ფასი დაიწია. 

  • ბიზნესში უკმაყოფილების გზარდა „ოცნებისთვის“ არანაირი რისკი არ არის?

დაერივნენ იმ ბიზნესს, სადაც მართლაც თაღლითობენ.

ყველა ეს ფარმაცევტული დიდი სავაჭრო ქსელი და ნავთობკომპანიები „ოცნების“ კლანის ნაწილია. ეს არის „ოცნების“ ბიზნესი, რომელიც ასაზრდოებს პარტიას, ჩემოდნებით მიაქვთ ფული საარჩევნო კამპანიაში. მაგრამ ივანიშვილმა გაწირა უახლოესი გარემოცვის წევრები, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი… უკვე ბიზნესშიც ტერორის დათესვის კამპანია წამოიწყეს.

პარალელურად გაანადგურეს, თითქმის ნულზე დასვეს ათასობით ადამიანი. საქართველოში დარეგისტრირებულია 36 000 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან 13 500 მოქმედია, მათ შორის პოლიტიკურად საშიში ხელისუფლებისთვის იყო სულ ათამდე – სამართლებრივ საკითხებს იკვლევენ საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და კიდევ სამი-ოთხი.

ახლა შემოდის უსაშინელესი კანონი, რომელიც ითვალისწინებს ნებისმიერი ბიზნესის შეზღუდვებს, ზღუდავს რაიმე ფულის გადაცემას ისეთი პირისა ან ორგანიზაციისთვის, რომელსაც ძალიან ირიბად პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, აწყობენ საპროტესტო აქციას ფასების მომატების წინააღმდეგ და კერძო პირმა თუ ადგილობრივმა შპს-მ უყიდა დროშები – ეს ითვლება აქტივობის დაფინანსებად.

ეს სოციალური აქტივობაა, მაგრამ თუ ფასების წინააღმდეგ გამოსვლა მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას „ებრძვი“, რადგან პასუხისმგებელი ფასების ზრდაზე არის მთავრობა და ეროვნული ბანკი, ანუ ხელისუფლება. ნებისმიერი გამოსვლა – მაგალითად, გარემოსთან დაკავშირებით რომ გამოხვიდე, ან ეკოლოგიურ საკითხზე, ადრესატი ყოველთვის არის ხელისუფლება. ამიტომ ყველაფერი იკრძალება ამ კანონით.

  • ადამიანებს სოლიდარობის გამოხატვისაც უნდა ეშინოდეთ?

დაჭერები, ბიზნესზე ზეწოლა, რუსული კანონით არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურება და ფინანსური დახრჩობა… მედიის განადგურება და ფინანსურად განულება. პარტიები დაფინანსების გარეშე – ოფისებს ხურავენ და პარტიის ლიდერები უცხოეთში გარბიან სამუშაოს საშოვნელად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ათასამდე ოპოზიციური გარბის უცხოეთში, რადგან შიმშილის ზღვარზეა.

ასეთი მდგომარეობაა და პლუს რეპრესიები პარტიული ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც დღემდე ციხეში არიან. ზოგიერთს, სამწუხაროდ, აიძულეს, რომ წასულიყო, გახარიას მსგავსად და ეს მალე გამოჩნდება. მართლა კი არ უნდოდა გახარიას წასვლა, მაგრამ წავიდა. უთხრეს, რომ დაბრუნდები დაგიჭერთო. ასევეა ზოგიერთი პარტიის სხვა ლიდერი, რომელიც პირად საქმეზე წავიდა უცხოეთში და ეუბნებიან – თუ დაბრუნდები დაგიჭერ. მე არ დავასახელებ, მაგრამ ეს გამოჩნდება.

ანუ ყველა მიმართულებით ტოტალური რეპრესიებია, რომლის მთავარი ამოცანაა ქვეყანაში სწრაფად დაამკვიდრონ ავტორიტარული რეჟიმი. კანონი, რომელსაც ახლა იღებენ, ასეთი კანონი არ არსებობს რუსეთში. არც რუსეთში და არც ბელარუსი არ მისულა აქამდე. უცხოეთიდან რომ გადმოუგზავნოს ფული დედამ შვილს და ამ შვილმა აქციებისათვის დროშები იყიდოს ან ლაბადა, ეს ფულიც კი ჩაითვლება კრიმინალად და შეიძლება 6 წლამდე ციხეში ჩასვან.

  • მისი აღსრულება მარტივი არ უნდა იყოს.

შეუძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ტროტუარზე მსვლელობის აღკვეთაც შეუძლებელია. აგერ უნივერსიტეტიდან ტექნიკურ უნივერსიტეტამდე მსვლელობა იყო, მაგრამ ტროტუარის კანონი მათ წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ. რაღაც საშინელებას აკეთებენ, უნივერსიტეტებს ანგრევდნენ და კორპუსების გასაკეთებლად ამზადებდნენ.

არის რაღაცები, რასაც ვერ აღასრულებ, მაგრამ ამას ვიღაცების დაპატიმრება მოჰყვება. რომელიღაც შპს-ს ან სხვა ორგანიზაციებს გააკოტრებენ, ვიღაცებს დაიჭერენ, ანუ სელექციურად რაღაც ბოროტებებს ჩაიდენენ.

  •  უნდათ, რომ მეტი შიში გაჩნდეს და ხალხი ქვეყნიდან წავიდეს?

პუტინმა 20 წელი რასაც მოანდომა რუსეთში, ორ წელიწადში უნდა მიაღწიოს ამას ბიძინა ივანიშვილმა და ყველაფერს აკეთებს ამისათვის. ამიტომ ვითარება ძალიან საშიშია.

ჩვენ ბელარუსები არა ვართ და ქართველი არ მოითმენს ამას არის არასერიოზული მსჯელობა. ჩვენ ქართველები 30 წელია ვართ დამოუკიდებლები, მანამდე რუსეთის მონობაში ვიყავით და კიდევ დაახლოებით ათი საუკუნე ხან სპარსელების და ხან ოსმალების. ასე რომ ჩვენი იმუნიტეტი არ არის იმაზე ძლიერი, ვიდრე ესპანელის ან გერმანელის.

ჩვენ საქმე გვაქვს არა ვიღაც ახირებულ მილიარდერთან, არამედ პირდაპირ რუსეთთან. ასე რომ, ვითარება ძალიან-ძალიან მძიმეა. სხვანაირი გამოსავლის მოძიებაა საჭირო, მით უმეტეს, როცა ლიდერები ციხეში არიან და თუკი ვინმე წინ წამოიწევს, იმასაც დააპატიმრებენ…

რა თქმა უნდა, პარტიები ვერ მუშაობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან. რა სტატუსით უნდა ჩავიდეს ოპოზიციონერი, პარლამენტის წევრი რომ ყოფილიყო, მაშინ კომისიებში იქნებოდა ევროსაბჭოში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში და უამრავ სხვა სტრუქტურაში – კონგრესში.

ბევრი ტექნიკურ-პოლიტიკური და ფინანსური პრობლემაა, რომელიც უკიდურესად ასუსტებს საპროტესტო მოძრაობას. დღეს მთელი საპროტესტო მოძრაობა იმ გმირების მხრებზეა, რომლებიც დაპატიმრების, დაჯარიმებისა და ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფასად დგანან რუსთაველზე. ამიტომ სხვა გეგმაა შესამუშავებელი.

  •  ვინ უნდა შეიმუშაოს ეს სხვა გეგმა?

ბრძოლაში სიმბოლური ხატია, როდესაც დროშით მიდიხარ წინ და ტყვია მოხვდება, დროშა დაეცემა, ვინც შენს უკან არის ის აიღებს და ის მიდის. იმ ადამიანებმა, რომლებიც ლიდერების ცოტა ქვემოთ არიან, იმათ უნდა აიღონ ეს დროშა. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ, პარტიებმა.

ახლა პროცესი არის არაორგანიზებული და ლიდერების გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და უცნაურიც კი – წელიწადზე მეტია ჰორიზონტალური და არა ცენტრალიზებული პროტესტია. ეს ძალიან დიდი შიდა უკმაყოფილების გამოხატულებაა, მაშინ, როცა ქუჩაში გამოსვლა სახიფათოა.

ურთიერთობა ამერიკასთან და ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ლიდერები ციხეში არიან. პარლამენტში ოპოზიცია არ არის…

დელეგიტიმაციის მიღწევა შესაძლებელი იყო თუნდაც პარლამენტიდან… სისულელეა, რომ ამბობენ, გახარია კრემლის აგენტია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მისი დაჭერა უნდაო. ყველა ოპოზიციაა, ვინც გადალახა ბარიერი, გახარიას პარტიაც, ნაციონალური მოძრაობაც, ლელოც და ვინც ვერ გადალახა, ყველა ოპოზიციაა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ერთმანეთს ჭამენ.

ამიტომ უცხოეთთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, შიდა პროტესტი და გარე პოლიტიკური მოვლენა, თუნდაც იგივე, რაც ხდება ირანში, ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ მუშაობენ თუნდაც ამერიკის ადმინისტრაციასთან, კონგრესთან. უკვე წელიწად-ნახევარზე მეტი, მას შემდეგ რაც ივანიშვილი პერსონალურად დასანქცირდა, არაფერი აღარ ხდება. ამიტომ მრავალვექტორული მუშაობაა საჭირო საშინაო, საგარეო, სოციალურ ქსელებში.

ტელევიზიები დასუსტდა, ამიტომ სოციალური ქსელი დიდი რეზერვია, რომელსაც პარტიები ჯერჯერობით ვერ იყენებენ.

  •  მაინც ჩაგეკითხებით – ვინ უნდა იმუშაოს?

ქვეყნის გადარჩენის მთავარი ორგანიზატორი პოლიტიკური კლასია. პოლიტიკური პარტიები ფინანსურად განადგურებული არიან და ადამიანები, რომლებიც თუნდაც პარლამენტიდან ხელფასს იღებდნენ ან საკრებულოებში იყვნენ და ოჯახებს არჩენდნენ, დღეს არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ ოჯახის სარჩენი ფული არ აქვთ. რეგიონებში ოფისები დახურეს და უხელფასოდ მუშაობენ. ამიტომ არის სერიოზული ფინანსური კრიზისი, მათ შორის ოჯახებში ფინანსური კრიზისი.

ლიდერები ციხეში არიან და მეორე ნომრებმა ხელში აიღონ ყველაფერი, ეს არაა ადვილი საქმე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, ამიტომ ყველამ თავისი აგური უნდა დადოს. დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს.

დღეს ამ ცეცხლს ინახავს საპროტესტო აქციები – პარლამენტის წინ ცეცხლის დამცველები დგანან. ეს პროცესი უნდა გაიშალოს მრავალ მიმართულებით, მათ შორის საგარეო მიმართულებით.

წყარო