იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში “გრანტების კანონში“ შემავალი ცვლილებების შესახებ კიდევ ერთხელ წერს და უფრო დეტალურად განმარტავს, რა ემუქრებათ საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც კანონი ძალაში შევა.
იურისტის თქმით, ეს ცვლილებები დიდ გამყოფ კედელს აღმართავს ამ ქვეყნის მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.
ის ერთადერთი დაპირებაც კი, რასაც გრანტების კანონის ცვლილების ინიციატორები აცხადებენ – ემიგრანტების გზავნილებს არ შევეხებითო – სათავეშივე ტყუილია, – წერს ბრაჭველი.
დღეს იხსნება პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რომლის პირველი განსახილველი საკითხი, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, “გრანტების კანონში” შემავალი ცვლილებები იქნება.
ბოლო დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ ეს ცვლილებები დიდ გამყოფ კედელს აღმართავს ამ ქვეყნის მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის – გვიკრძალავს რა ქართველებს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოელისგან ნებისმიერი სიკეთის მიღებას – როგორც ფულადს, ისე – ტექნოლოგიურს, საინფორმაციოს, ან საქველმოქმედოს. და თუ მაინც ასეთი ბენეფიტი აღმოგვიჩინეს და, თან, ჩვენს მიმდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რაიმე მოსაზრება დაგვცდა, 6-წლიანი ციხით გვემუქრება.
ამ კანონის ინიციატორების პასუხი, ჯერჯერობით, ერთი დაპირებით შემოიფარგლება – ემიგრანტებისგან საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ ფულს არ შევეხებითო.
აქ არ ვისაუბრებ იმაზე:
- (1) თუ რამდენად შეიძლება ზოგადად ნებისმიერი ხელისუფლების დაპირების ნდობა;
- (2) მით უმეტეს, როცა რუსულ კანონსა და სხვა დაპირებებზე ხალხი უკვე ბევრჯერ მოატყუეს;
- (3) და მათი ეს პასუხი არაპირდაპირი აღიარებაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ყველანაირ კონტაქტს კრძალავენ.
არა, ამ ყველაფრის მიღმა, უბრალოდ, ერთი მცირე დეტალის შეხსენება მინდა ყველასთვის.
2025 წლის 31 მაისს ძალაში შევიდა ე.წ. ფარას კანონი, რომელიც ასევე არეგულირებს უცხოეთის ფიზიკური ან იურიდიული პირისგან რაიმე სახის დაფინანსების მიღებას. ამ კანონის პირველივე მუხლი კი უცხოელად თვლის საქართველოს იმ მოქალაქესაც, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ არის (იხ. სქრინი, ბმული ქვემოთ).
მარტივად რომ ვთქვათ – უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც უცხოელებად განიხილავს და მათგან ფულადი ბენეფიტის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა აგენტების რეესტრში დარეგისტრირება მოგთხოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთით დაგემუქრონ. ამ ორ კანონს შორის ერთი ის განსხვავებაა, რომ ფარას, გრანტების კანონთან შედარებით, ოდნავ მეტი მტკიცება და გაწელილი პროცედურები აქვს; და მეორე ის, რომ ფარათი მხოლოდ 5 წლით გაგიშვებენ ციხეში და გრანტების კანონით – 6 წლით. დანარჩენი იგივეა.
ამიტომ ის ერთადერთი დაპირებაც კი, რასაც გრანტების კანონის ცვლილების ინიციატორები აცხადებენ – ემიგრანტების გზავნილებს არ შევეხებითო – სათავეშივე ტყუილია.
უკვე შეეხნენ, უკვე აკრძალეს, უკვე შეამზადეს თქვენი დასჯადობისთვის საფუძველი. უკვე გამოაცხადეს ემიგრანტები უცხოელებად. ამ ახალი კანონით კი თქვენს დაჭერას უფრო აადვილებენ, დროში აჩქარებენ, სამართლებრივად მტკიცების ტვირთს იხსნიან და ბევრწლიანი ციხით არა მხოლოდ ფულის მიმღებს, არამედ ფულის გამცემსაც ემუქრებიან.
რამდენად ენდობით იმ მთავრობას, რომელსაც მის მიერვე ცოტა ხნის წინ მიღებული კანონები “ავიწყდება”?,- წერს ბრაჭველი.




