სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი აკადემიად გადაკეთდა.
როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემიას სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამა ექნება და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რეფორმის ფარგლებში, გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა აკადემიის სტატუსით. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის. ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად. სწავლა იქნება უფასო“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
სუს-ის ცნობით, აკადემია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას.




