საქალაქო სასამართლოში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული პირების პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ პირების პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
20 დაკავებულიდან 18 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ორს კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას ედავება.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ღვინჯილიას განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე მას სრულად გაამართლებს.
“მოლოდინი მაქვს, რომ არც დამაჯარიმებენ. რატომ უნდა დამაჯარიმონ ვერ ვხვდები. ოცი ადამიანი იყო დაკავებული, აქედან ორი – აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის მუხლით არიან დაკავებულები. იქ რაც მოხდა უნდა იყოს პრეცედენტი”, – განაცხადა გიორგი ღვინჯილიამ.
დაცვის მხარის ადვოკატის, მარიამ პატარიძის განცხადებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს შაბლონური სახე აქვს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
“ჩვენი ორგანიზაცია იცავს 12 პირის ინტერესებს, დღეს ექვსი პირის მიმართ გაიმართება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პროცესი. ექვსივე მათგანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია შაბლონური საფუძვლით, ეს არის – პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. დღეს პროცესზე ვნახავთ თუ რა მტკიცებულებებით იქნებიან წარმოდგენილნი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები”, – განაცხადა მარიამ პატარიძემ.
სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებული ორი პირის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გამოძიება აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაიას აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ლიდერობით ჩვენ შევძლებთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას

Julius Baer-ში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა საბანკო ოპერაციების განხორციელება. 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკვე ცალსახად იკვეთება ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა