“ჩემი გეპეი მე ჰარვარდსაც მირჩევია და კემბრიჯსაც… როცა ამას ლაპარაკობენ, თვითონ არიან ინგლისის პრემიერმინისტრები? არ შეიძლება ასე ყველაფერზე დახარო თავი და ყველაფერზე თავი აქნიო. უნდა ითქვას სათქმელი. ჩვენ ძალიან დიდხანს ვიკავებდით თავს, გვერიდებოდა ჩვენი უნივერსიტეტის, ჩვენი ხელმძღვანელობის, ბატონი დავითის და ყველასი, მაგრამ ახლა დადგა ის დრო, რომ დავითიც გადასარჩენია და ჩვენ ვართ გადასარჩენი. როდემდე შეიძლება ასე ცხვრებივით გაგვრეკონ, გამოგვრეკონ? გვეუბნებიან ავტონომია გაქვთო, სად არის ეს ავტონომია?! გეკუთვნით თქვენი თავი? მე აღარ ვიცი უკვე ვის ვეკუთვნი, ვინ ვარ, სად ვარ, ან საით მივდივარ, ან საით მოგვყვება ჩვენ ეს სტუდენტები.
ქაღალდი არაფერს არ შველის, აქ საჭიროა უფრო აქტიური შემართება, ერთად დგომა და დაგვიტოვონ ჩვენი უმაღლესი სკოლა, რომელიც კემბრიჯიც არის, ჰარვარდიც არის და საერთოდ ჩვენთვის ყველაფერია. გვეყო ხალხო! იმათმა ზევიდან, თუ არ ესმით გამოიწმინდონ ყურები და ჩვენ რაც შეიძლება ხმამაღლა შევძახოთ რომ გავაგებინოთ ამ ხალხს ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რისთვის მივდივართ. ქვეყანაც იღუპება, ყველაზე უარესი რაც არის” – მიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია “მოდი ნახეს” სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ დღეს, უნივერსიტეტთან გამართული აქციის მონაწილეებს




