საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საზოგადოება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) შესაძლო გაერთიანების პროცესს აპროტესტებს. პროფესორ-მასწავლებლებმა, მეცნიერებმა, სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა საგანგებო პეტიცია შექმნეს, რომლის ადრესატებიც “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და განათლების მინისტრი გივი მიქანაძე არიან.
სტუ-ს წარმომადგენლები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ მიმდინარე პროცესების გამო და აცხადებენ, რომ უმსხვილესი უნივერსიტეტების ხელოვნური გაერთიანება არათუ არ გამოიწვევს საერთაშორისო რეიტინგის ზრდას, არამედ შეაფერხებს ჯანსაღ კონკურენციას და სწავლის ხარისხს დასწევს.
104-წლიანი ისტორია და საფრთხეები
განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ 104 წლის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ქვეყანაში საინჟინრო-ტექნოლოგიური ცოდნის ერთადერთი ტაძარია, რომლის ფუნდამენტის ჩაყრაც ისეთ სახელებს უკავშირდება, როგორებიც არიან ივანე ჯავახიშვილი, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები, ნიკოლოზ მუსხელიშვილი და სხვები.
„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მისი 104 წლის ისტორიის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტი პროფესიონალი ინჟინერი გაუზარდა საქართველოს, შექმნა და ფეხზე დააყენა ეს ქვეყანა და ასეთ დამოკიდებულებას არც ჩვენი ისტორია, არც აწმყო და არც მომავალი არ იმსახურებს. ჩვენ ვერ ვიქნებით თაობა, რომელმაც დაუშვა ცოდნის ტაძრის დანგრევა და ქვეყნის დაბრუნება 100 წლით უკან, უფესვებო, უმომავლო საქართველოში,“ – ნათქვამია მიმართვაში.
აკადემიური საზოგადოების შეფასებით, მექანიკური გაერთიანება წარმოქმნის უმართავ ადმინისტრაციულ პროცესებს და შეზღუდავს სტუდენტების არჩევანის თავისუფლებას.
საერთაშორისო აღიარება და სამართლებრივი არგუმენტები
მიმართვის ავტორები აპელირებენ საქართველოს კონსტიტუციაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონსა და ბოლონიის პროცესის პრინციპებზე, რომლებიც უნივერსიტეტების ინსტიტუციურ ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას იცავს. ისინი განმარტავენ, რომ უნივერსიტეტის იძულებითი შერწყმა აკადემიური საზოგადოების თანხმობის გარეშე კანონის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
ტექსტში ასევე ხაზგასმულია სტუ-ს საერთაშორისო მიღწევები: თანამშრომლობა CERN-თან, NASA-სთან, KEK-თან და სხვა წამყვან ცენტრებთან; ულტრა-თანამედროვე ლაბორატორიები; ABET აკრედიტაცია და ევროპაში აღიარებული პროგრამები.
„ჩვენი მეცნიერები ნომერ პირველია საქართველოში ციტირების ინდექსებით და საერთაშორისო ცნობადობით, მაგრამ, ყველა ამ მიღწევის მექანიკური ჯამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებთან ვერ მოემსახურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგის ზრდას, პირიქით, ეს ორივე ამ უძველესი ინსტიტუციის უკუსვლას გამოიწვევს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
მოთხოვნები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კატეგორიულად ითხოვენ:
შეჩერდეს სტუ-ს თსუ-სთან გაერთიანების პროცესი;
ნებისმიერი გადაწყვეტილება დაეფუძნოს საჯარო და დასაბუთებულ განხილვას;
საპარლამენტო მოსმენამდე, განათლების კომიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო განხილვისთვის, ან უზრუნველყონ სტუ-ს აკადემიური საზოგადოების ჩართულობა საკომიტეტო განხილვებზე.
აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიურობის დაცვა ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. პარალელურად, ინტერნეტსივრცეში საკითხთან დაკავშირებით მათი პეტიციაც ვრცელდება.




