2025 წლის დეკემბერში ჩინელი ავტომწარმოებლების წილმა ევროპის ახალი ავტომობილების ბაზარზე რეკორდულ 9,5%-ს მიაღწია. ამის შესახებ Bloomberg იუწყება გერმანული კომპანია Dataforce-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ინფორმაციას კი ТАСС ავრცელებს.
ჩინური კომპანიების გაყიდვების ზრდა განპირობებულია მათი ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების მზარდი პოპულარობით. გარდა ამისა, 2025 წლის ბოლო კვარტალში ჩინელმა მწარმოებლებმა პირველად გადაასწრეს კორეულ კონკურენტებს ახალი ავტომობილების გაყიდვების მოცულობით.
Dataforce-ის შეფასებები მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებს, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრ სახელმწიფოებსა და დიდ ბრიტანეთს.
ჩინური ავტომობილები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში — ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.
2025 წელს ჩინური ელექტრომობილების წილმა შესაბამის სეგმენტში 11% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ჩინეთის შიდა ბაზრის გაჯერებისა და აშშ-ის მიერ დაწესებული საბაჟო ტარიფების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ჩინელი მწარმოებლები ევროპაში მიწოდებებს მომავალშიც გაზრდიან.




