ნიდერლანდების საელჩო ეუთოს მოსკოვის მექანიზმმის ამოქმედებაზე განცხადებას ავრცელებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ მისიის მუშაობას.
განცხადებაში ასევე გამოთქმულია იმედი, რომ “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
“დღეს ნიდერლანდებმა და ეუთოს მონაწილე 23-მა ქვეყანამ “მოსკოვის მექანიზმი” აამოქმედა, რაც გულისხმობს ფაქტების დამდგენი მისიის შექმნას საქართველოს მიერ ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად. ჩვენ რამდენჯერმე გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში არსებული მდგომარეობის სწრაფ გაუარესებასთან დაკავშირებით, მათ შორის 2024 წლის ნოემბერში დემონსტრაციების დაწყებიდან მოყოლებული სხვადასხვა ანგარიშებში ასახულ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე პასუხისმგებლობის არარსებობის გამო. იმედი გვაქვს, რომ “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება წვლილს შეიტანს საქართველოს მხრიდან ეუთოს ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ითანამშრომლოს და ხელი შეიწყოს მისიის მუშაობას”- ნათქვამია განცხადებაში.




