გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის ცალკეული შემთხვევები და მას სისტემური ხასიათი აქვს.
ზურა ჯაფარიძე განმარტავს, თუ რა მნიშვნელობისაა ამ მექანიზმის ამოქმედება და აღნიშნავს, რომ ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები ქართული ოცნების რეჟიმისთვი.
“ეს არის მათ შორის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალთახედვით, საქართველოში აღარ არსებობს შიდა სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმები იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს დამოუკიდებელი და სანდო გამოძიება. ეუთოს ეს მექანიზმი არის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ქვეყნებში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ფართომასშტაბიანი და მძიმე დარღვევების შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს პასუხისმგებლობის აღების ან გამოძიების ჩატარების ნება ან სურვილი.
ეს მექანიზმი გულისხმობს დამოუკიდებელი საგამოძიებო ექსპერტების ჩართვას ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც ეუთოს ექსპერტები გამოძიებას დაიწყებენ, ქართულ ოცნებას არავინ არაფერს შეეკითხება, ისინი გამოძიებას მაინც ჩაატარებენ მიუხედავად იმისა, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით რეჟიმის წარმომადგენლებს. ეუთოს ექსპერტები ფაქტებს და მოვლენებს შეაფასებენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით”- თქვა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მოსკოვის მექანიზმის ანგარიში იქნება დამოუკიდებელი, ობიექტური, საჯარო და ხელისუფლებისა და პროპაგანდის კონტროლის მიღმა.
ჯაფარიძის ინფორმაციისთვე, ამ ანგარიშში აისახება მშვიდობანი პროტესტის წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენება, ასევე ასახული იქნება ინფორმაცია თვითნებური დაკავების, არასათანადო მოპყრობის, ინსტიტუტების პოლიტიზაციის, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდის შესახებ. ქიმიური ნივთიერების გამოყენების და დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ნიშნების შესახებ.
“ეუთოს ამ მექანიზმის ანგარიში არ რჩება მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტად. ამ დოკუმენტს საბოლოოდ იყენებს ეუთო, ევროსაბჭო და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები, მათ შორის ეს ხდება საფუძველი შეზღუდვების, სანქციების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების. როგორც წესი, ეს დოკუმენტი ხდება ხოლმე პოლიტიკის ცვლილების საფუძველი იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც შედგება. ამ შემთხვევაში, ეს იქნება საქართველო. სწორედ ამიტომ, ამ პროცესს ექნება გრძელვადიანი და მძიმე შედეგები ქართული ოცნების რეჟიმისთვის”- თქვა ჯაფარიძემ.




