“თსუ-ს და სტუ-ს შეერთება, როგორც ეს დეკლარირებულია, რეალურად, შეერთებისგან ცოტა შორსაა, რადგან როგორც თქვეს, ახალ წარმონაქმნს, რომელიც ამ 2 უნივერსიტეტს გააერთიანებს, ივანე ჯავახიშვილის სახელი ერქმევა – ეს კი იმას ნიშნავს, რომ 104 წლის ისტორიის მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ანუ გეპეი, როგორც ხალხი მას დიდი სიყვარულით მოიხსენიებს, თავის არსებობას შეწყვეტს… რეფორმის საჭიროებას არავინ უარყოფს, არც იმას, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ბევრი რამ დასახვეწია, მაგრამ ასეთი ნაუცბადევი გადაწყვეტილება ცოტა ბევრ ეჭვს ბადებს – როგორი იქნება, რა სტრუქტურები შეიქმნება, ახალი უნივერსიტეტი კონცეპტუალურად როგორ არის წარმოდგენილი და რა საფუძველი აქვს ამგვარ რეფორმას […] თუ 100 წლის ისტორიის მქონე ორ უნივერსიტეტს დიდ ისტორიულ წარსულს ასე ვუკარგავთ, მაშინ ჩვენს ისტორიაზე უარს ვამბობთ […] გაერთიანების ფორმულირებით, ასეთი დიდი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის ასეთი ხელაღებით, ყოველგვარი ნიადაგის შემზადების გარეშე, გაწირვა გამართლებულად არ მიმაჩნია… სტუ-ს რექტორს, დავით გურგენიძეს ჩვენი მოსაზრება წარვუდგინეთ და უნივერსიტეტის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რომ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დამოუკიდებელი არსებობა უნდა განაგრძოს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ამ ფორმით შეერთება ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებასთან… თსუ და სტუ ჩვენთვის კემბრიჯიც არის, ოქსფორდიც არის და არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი არა მარტო განათლების, არამედ ჩვენი კულტურის, ეროვნული მეობის შინაარსის გამოკვეთაშიც”. – განაცხადა TV პირველთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ ჯაგოდნიშვილმა.




