პოლონეთის საელჩო საქართველოში ეუთო-ს 24 წევრი ქვეყნის მიერ საქართველოს მიმართ მოსკოვის მექანიზმის გააქტიურებას და საექსპერტო მისიის შექმნას განცხადებით ეხმაურება:
შეშფოთებულები ვრჩებით საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. დღეს 24 ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ მოსკოვის მექანიზმი გააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია. დამოუკიდებელი მისია დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა – და ექსპერტულ მისიას ქმნის.
ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, – კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ “ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას”.
24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ “როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები”.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
1991 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა – რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.




