გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ყოფილი თანამშრომელი, შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ პირებს, რომელთაც უცხოური დაფინანსება ჰქონდათ, პირდაპირ პოლიტიკაში მოსვლა არ უნდა შეეძლოთ.
შალვა პაპუაშვილი ამჟამად „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეა, თუმცა პოლიტიკაში მოსვლამდე ის 17 წლის განმავლობაში გერმანულ ფონდებში მუშაობდა და გერმანიის მთავრობის ფულს იღებდა ხელფასის სახით.
პაპუაშვილი ამის საპასუხოდ აცხადებს, რომ ის არა არასამთავრობო ორგანიზაციის, არამედ გერმანიის მთავრობის ორგანიზაციის თანამშრომელი იყო და ამიტომ მისთვის გერმანული სახელმწიფო ფონდიდან პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში გადასვლა პრობლემას არ წარმოადგენდა.
პაპუაშვილის და „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტის ლოგიკით გამოდის, რომ იმ ქართული არასამთავრობო ან მედია ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომელთაც მაგალითად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გრანტი ჰქონდათ, პირდაპირ პოლიტიკაში მოსვლა არ უნდა შეეძლოთ.
უფრო მარტივად, პაპუაშვილის ლოგიკით, თუ პირდაპირ გერმანიის მთავრობისგან იღებდი ხელფასს, პრობლემა არ არის, რომ მეორე დღეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირი, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე გახდე, ხოლო თუ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდი და კონკრეტული ქართული საქმის გასაკეთებლად გერმანიის სახელმწიფო ფონდისაგანაც გაქვს აღებული გრანტი, მაშინ ქართულ პოლიტიკაში ვერ უნდა მოხვიდე.
„ოცნების“ კანონპროექტით, პირს, რომელიც მუშაობს „უცხოური ძალისაგან“ დაფინანსებულ (მინიმუმ მთლიანი შემოსავლების 20%) ორგანიზაციაში, საქართველოში ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ეს ფაქტობრივად პოლიტიკაში მოსვლის უფლების შეზღუდვას ნიშნავს. ვინაიდან, „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მიღებული ცვლილებებით, თუ პირი პარტიის წევრი არაა, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია.
გამოდის, რომ „უცხოურ ძალას“ თავად პაპუაშვილი წარმოადგენდა და მისთვის პირდაპირ პოლიტიკაში მოსვლა პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა „უცხოური ძალის“ მიერ დაფინანსებული პირების პოლიტიკაში მოსვლა კი პრობლემაა.
„არც მე, არც ირაკლი კობახიძე NGO-ში არ ვყოფილვართ […] ვინმეს თუ უნდა პარტიული საქმიანობა გააგრძელოს იმ ორგანიზაციებიდან, სადაც მათ ძირითადად უცხოური დაფინანსება აქვთ, აიღოს გაგრილების პერიოდი და ამის შემდეგ მოვიდეს პოლიტიკაში. რაც შემეხება მე, მე NGO-ში არ ვყოფილვარ[…] მე 2020 წლიდან მოყოლებული კარგად გაგრილებული ვარ. ეს ეხება ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. მე ქართული ორგანიზაციის თანამშრომელი არ ვიყავი, მე გახლდით გერმანიის მთავრობის ორგანიზაციის თანამშრომელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ის, რომ არც მას და არც ირაკლი კობახიძეს არასამთავრობო ორგანიზაციაში არ უმუშავიათ სიმართლეს არ შეესაბამება. კობახიძეს ნამუშევარი აქვს ფონდი ღია საზოგადოებას საქართველოს ოფისში, რომელიც საქართველოში იურიდიულად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის ფორმით იყო დარეგისტრირებული.
იურისტების შეფასებით, “ოცნების” ეს კანონიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც გარდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და მოსამართლეებისა, სხვა მოქალაქეებს უფლებას აძლევს შექმნან და იყვნენ პოლიტიკური პარტიის წევრები
გთავაზობთ „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენელთა ჩამონათვალს, რომლებიც თავად მუშაობდნენ უცხოეთიდან დაფინანსებულ ან პირდაპირ უცხოურ ორგანიზაციებში:
- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (USAID), შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი იყო. 2011-12 წლებში ეკავა ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრის პოზიცია.
- „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 17 წლის განმავლობაში გერმანულ ფონდებში მუშაობდა. 2003 – 2007 წლებში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი იყო, შემდეგ კი, 2007-2020 წლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ). მუშაობის ბოლო წლებში ორგანიზაციაში იკავებდა საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც.
- „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე სხვადასხვა წლებში იყო გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ეროვნული ექსპერტი, ეუთოს პროექტის დირექტორი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი. ბოლოს კი, 2015 – 2016 წლებში იყო ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტის პროექტის მენეჯერი.
- „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი 2016 – 2018 წლებში იყო მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში.
- „ქართული ოცნების“ სატელიტის, „ხალხის ძალის“ წევრი, სოზარ სუბარი სხვადასხვა წლებში იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფუძნებული „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი. 2004 წელს სოზარ სუბარს მიღებული აქვს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გრანტი გაზეთი „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში ტრენერობისთვის. ბოლოს 2010 – 2015 წლებში იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი
- „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე 2005 – 2010 წლებში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის ექსპერტი იყო, 2010 – 2016 წლებში – გაეროს განვითარების პროგრამის, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი.
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი 2005 – 2014 წლებში იყო კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პოლიტიკური პროექტების დირექტორი. ორგანიზაცია ახორციელებდა როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტებს.
- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის ბიოგრაფიის თანახმად, 2012 – 2014 წლებში მსოფლიო ბანკში მუშაობდა.




