სტუდენტები გამოსახლებისას დაკავებული ჩიქობავას და სხვა აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე, 23 იანვარს დაკავებული კაკო ჩიქობავასა და სხვა აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ლექტორი და მოძრაობა „ხმის“ აქტივისტი კაკო ჩიქობავა, სხვა აქტივისტებთან ერთად, 2024 წლის 23 იანვარს, მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლებისას დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. 25 იანვარს ჩიქობავას და გიორგი ხასაიას პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა და 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
“ჩვენ სოლიდარული ვართ მათ მიმართ, ვისაც უკანასკნელი თავშესაფრიდან ასახლებენ და სოლიდარული ვართ მათ მიმართ, ვინც გულხელდაკრეფილი არ ზის და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებს გამოსახლების შემზარაობას.
თუ აკაკი ჩიქობავა და ძალადობრივი გამოსახლების დროს სხვა დაკავებულები არ გათავისუფლდებიან, თავიდან ვერ აირიდებთ სტუდენტების მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ მართლობს, რომ ყველაფერი ნებადართულია, რომ ძარცვა-გლეჯა წესია, ხოლო ემპათია და სოლიდარობა კრიმინალია.
ეს ჩვენთვის გაკვეთილი იქნება!” — ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 150-ზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.
უწყების ცნობით, 18 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი კი – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე არიან დაკავებულები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია.
24 იანვარს გამოსახლების მოწინააღმდეგე აქტივისტებიდან ორს 2000 – 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ომბუდსმენის 24 იანვარს გავრცელებული განცხადებით, დაკავებულთაგან 6 პირი დაკავებისას ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობს.
23 იანვარს აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად, აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.
გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი.
ფეისბუკით გაშვებული პირდაპირი ეთერის წაყვანისას, პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს “მაუწყებლის” ჟურნალისტი მისი კუთვნილი მანქანიდან და მისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა სცადეს.
დღეს, 24 იანვარს, გამოსახლების პროცედურა დაგეგმილი იყო ცოტნე დადიანის 259 ნომერში, სადაც 2008 წლის ომის ვეტერანი მაია კაკიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს და აღსრულების პოლიციას ისიც მხარდამჭერებთან ერთად ელოდა. მისი გამოსახლება გადაიდო რამდენიმე თვით (არაუმეტეს 6 თვისა).
26 იანვარს გამოსახლების პროცედურა დაგეგმილია ზანდუკელის ქუჩის ორ ნომერში, სადაც გუჯა ბალახაძის ოჯახი ცხოვრობს.
ამავე თემაზე:
· პრეზიდენტი: ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია
· “მასობრივ პროტესტს დავიწყებთ თბილისში” – ოჯახები გამოსახლების რისკის ქვეშ

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!