მათი წარმომადგენლები იწყებენ „საექსპერტო მისიას საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე“.
ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.
„მზარდი შეშფოთება“
„ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას“, – აცხადებენ ისინი.
29 იანვარს გავრცელებულ საერთო განცხადებაში ისინი მიუთითებენ, რომ „როგორც ეუთოს წევრ სახელმწიფოს, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები“.
მათ თანახმადვე, უფლებების პატივისცემა „აუცილებელია სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად“.
· 2024 წლის 23 დეკემბერს ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ ეუთოს „ვენის მექანიზმი“ აამოქმედა.
· მათ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების თაობაზე 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის გამოცხადებული გადაწყვეტის შემდეგ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენების გამო.
დღევანდელ განცხადებაში ინიციატორი ქვეყნები ახსენებენ ვენის მექანიზმის გააქტიურებას და დასძენენ, რომ მას შემდეგ „მხოლოდ გაიზარდა“ მათი შეშფოთება „საქართველოს ხელისუფლების მიერ … ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“.
ინფორმაცია განახლდება.
რა არის „მოსკოვის მექანიზმი“
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც ეყრდნობა 1989 წელს მიღებულ „ვენის მექანიზმს“, მიიღეს 1991 წელს. ორივე მექანიზმი ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით არის შექმნილი.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, – ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
შექმნის დღიდან „მოსკოვის მექანიზმი“ 15-ჯერ გაააქტიურეს, მათ შორის:
· ბელარუსის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ – 14 წევრი ქვეყნის მოთხოვნით;
· 1999 წელს „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა რუსეთის ფედერაციამ ნატოს სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ყოფილ იუგოსლავიაში;
· ასევე, 2018 წელს 16-მა ქვეყანამ მოითხოვა რუსეთში, კერძოდ კი ჩეჩნეთში, ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ვითარების გამოსაძიებლად.
· მექანიზმი ამოქმედდა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.
საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერების ნაწილი არჩევნების შეფასებისას იშველიებს დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.
პარტიების მიმართვა ეუთოს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, – რომლებიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, – არჩევნების შემდეგ მიმართეს ეუთო/ODIHR-ს.
მათ მოითხოვეს ეუთოსა და მის „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს“ აემუშავებინა „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად 1991 წელს იქნა გამოყენებული.
ეს პარტიები იყვნენ:
· „კოალიცია ცვლილებისთვის”;
· „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“;
· „ძლიერი საქართველო“;
· „გახარია საქართველოსთვის“.




