ქსელურმა მარკეტებმა უკვე დაიწყეს ისედაც არაადამიანურად დაბალი ხელფასის მქონე თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვება – ნიკოლოზ ალავიძე

ეკონომისტი ნიკოლოზ ალავიძე მიიჩნევს, რომ ქსელური სუპერმარკეტების ფასებთან დაკავშირებული დაწყებული კამპანია იაფფასიანი პროპაგანდის ნაწილია, რომელიც ზიანის მეტს არაფერს მოიტანს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა, სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა სრულიად აპოლიტიკური და სანდო ადამიანების პოსტები, რომ ქსელურმა მარკეტებმა უკვე დაიწყეს ისედაც არაადამიანურად დაბალი ხელფასის მქონე თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვება, რათა რეალურად ხარჯები შეიმცირონ, რომ ეს მოკლევადიანი, მყისიერი, წამიერი ვითომ ფასების შემცირების ეფექტი ასახონ.
„ეს არის იაფფასიანი კომიკური შეტევა, რომელიც არაკომპეტენტური, მოძალადე, სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმტაცებელი განგსტერული გუნდის მიერ არის ინიციირებული, რაზეც საზოგადოებამ უკვე დროც აღარ უნდა დაკარგოს. დიდ და წვრილ ბიზნესებს მოვუწოდებდი, შეხვედრებზე მოითხოვონ ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოში მუშაობა და არა რაღაც დაჟინებული მზერით ფასების ვითომ რეგულირება.
ბიზნესს აქვს წესები და თავისი უწესობიდან გამომდინარე წესები, რასაც აკონტროლებს და არეგულირებს კონკრეტული სუბიექტური ადამიანების მორალი. რა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალეთიკური და მაღალმორალურია ბიზნესი, უფრო მეტი დაფასება და ღირებულება აქვს და ვიცით, რომ დასავლური წარმატებული კომპანიები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ადამიანების ფასეულობებს, ფილოსოფიას, რომელთაც სურთ, მათი აქციონერები გახდნენ.
იმედი მაქვს, რაღაცას მართლა შეისწავლიან და აპრილიც შორს არ არის, მოგვცემენ შესაბამის დასკვნებს. აპრილამდე კი კარგი იქნებოდა, რომ საჯარო სპეკულაციური განხილვებისგან ყველამ თავი შეიკავოს, რადგან მცდარი მოლოდინები ქმნის მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ მომენტებს, ამ ნეგატიური მომენტების პირველი შეტევა არის ის, რომ ფასები კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო შემცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ისედაც ძალიან მწირ და სიმბოლურ ანაზღაურებას იღებს“, – აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.