ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში თქვენი ცხოვრების გაძვირებაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. თუ ვინმე დღეს ამაში ეხმარება, არის ირაკლი კობახიძე და თუ ვინმე გუშინ ეხმარებოდა, ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი და ყველანი არიან ერთნი, ერთი ძირიდან მოდიან, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ისაუბრა სახელმწიფოს იმ სერვისებზე, რომელთა ფასები მისვე თქმით, 2019 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად გაძვირდა.
თაზო დათუნაშვილის თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველო“ აგრძელებს ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და გაძვირებული ცხოვრების მხილებას, რომელიც საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ პირობებში, 14 -წლიანი მმართველობის განმავლობაში მიიღო.
„ივანიშვილი ამბობდა, რომ გაიაფდებოდა გადასახადები, გაიაფდებოდა სახელმწიფო სერვისებზე გადასახადები და ზოგადად ცხოვრება, ლარი დენიდან არ წავიდოდა ვიღაცის ჯიბეში და ლარი რომელიღაცა ბარკლიდან.
14 წელი ჩუმად იყო და 14 წლის თავზე, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, საერთაშორისო იზოლაციაში არიან, საკუთარი ხალხის მომწამვლელი ხელისუფლების სახელი აქვთ გადაწყვიტეს, რომ დადგან ცირკი გაუსაძლის ცხოვრებასთან დაკავშირებით. საქართველოში რომ ცხოვრება გაუსაძლისია ეს საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ხანია ვიცით. ის საცირკო წარმოდგენა,რომელსაც ახლა თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ თითქოს სამთავრობო კომისიები იქმნება და გააიაფებენ სასურსათო პროდუქტების, აბსოლუტური ფარსი და მარაზმია. რეალური პრობლემა არის ინფლაციაში და ინფლაცია არის ეროვნული ბანკის უგუნური პოლიტიკის შედეგი და პრობლემა არის „ქართული ოცნების“ მიერ ცხოვრების გაძვირებაში. გაძვირება ხდება, როგორც კორუფციით, ისე პირდაპირი გზით, მაგალითად სახელმწიფო სერვისების გაძვირებით“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
მისი თქმით, 2019 წლიდან დღემდე, საშუალოდ, 200%-ით არის გაზრდილი საფასურები სახელმწიფო სერვისებზე.მან წარმოადგინა სახელმწიფო სერვისების ის ნუსხა, რომელიც გაძვირებულია.
„პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი. მართვის მოწმობა გაძვირებამდე იყო 55 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი. ქონების რეგისტრაცია გაძვირებამდე იყო 55 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი. ბიზნესის რეგისტრაცია გაძვირებამდე იყო 110 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 200 ლარი და ა.შ.
„უბრალოდ, ადგნენ და გაასამმაგეს (ფასები სახელმწიფო სერვისები) და ამ დროს, რას აკეთებს და უყურებს საქართველოს მოქალაქე გაძვირებული სრევისების, ყველა პროდუქტზე გაორმაგებული ფასების პარალელურად? თვალ-ყურს ადევნებს საცირკო წარმოდგენას, რომ ვიღაც გაურკვეველი ხალხი შეიკრიბება, სუს-ის სპეცოპერაციებით შეამტვრევს ოფისების კარებს ბიზნესის წარმომადგენლებთან, საქართველოში დააშინებენ ბიზნესს, ბოლოს მივიღებთ პროდუქტების დეფიციტს და იმას, რომ ამ ქვეყანაში წესიერ ბიზნესს არავინ არ აკეთებს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.




