TI-საქართველო: 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულები პოლიტპატიმრები არიან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა „ქართული ოცნების“ რეჟიმის ძალისხმევა, ეს მოვლენები შეფასებულიყო, როგორც კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ჩავარდა.
„ეს წარუმატებლობა განპირობებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბებული სკეპტიციზმით, რომ მოვლენებს რეალურად არ ახლდა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ან განზრახვა. საზოგადოებაში და პროფესიულ წრეებში დამკვიდრდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად სცადა პროტესტის მონაწილეთა ნაწილის მახეში გაბმა და დანაშაულის პროვოცირება, რათა ეს საქმეები გამოყენებულიყო ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის ჩასახშობად და საზოგადოების დაშინების ეფექტის მისაღწევად“, — ნათქვამია TI-საქართველოს ანალიზში.
გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით:
· 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდებების სამართლებრივი კვალიფიკაცია პრობლემურია — სსკ-ის 317-ე მუხლის (მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ) გამოყენება ეწინააღმდეგება როგორც მუხლის შინაარსს, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან არ იკვეთება ძალადობის ან შეიარაღებისკენ მოწოდების აუცილებელი ელემენტები;
· „მშვიდობიანი დამხობის“ შესახებ განცხადებები შინაარსობრივად წარმოადგენს პოლიტიკური იდეის გავრცელებას (ადვოკატირებას) და არა კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების წაქეზებას. შესაბამისად, ასეთი განცხადებები დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და ვერ გახდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი;
· სსკ-ის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა) პირველი ნაწილის გამოყენებაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან საქმეში არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა წინასწარ ორგანიზებული, შეთანხმებული და ძალადობრივი ჯგუფური მოქმედებების არსებობას, როგორც ამას საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა მოითხოვს;
· ანალოგიურად, სსკ-ის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა ხელოვნურად არის დამძიმებული „ჯგუფური ელემენტის“ იმიტირებით. არ იკვეთება არც წინასწარი შეთანხმება და არც კონკრეტული ბრალდებულების ინდივიდუალური ქმედებები, რომლებიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მიზანზე მიუთითებდა;
· პრეზიდენტის სასახლის ღობის წაქცევის გარემოებები წარმოშობს დასაბუთებულ ეჭვს, რომ ღობის წაქცეული სექცია შესაძლოა, წინასწარ იყო დაზიანებული.
„ამას ამყარებს როგორც ვიდეომასალა, ისე ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მიუთითებს სამართალდამცავი ძალების წინასწარ მზადყოფნას და მოვლენების კონტროლირებულ განვითარებაზე. განსაკუთრებით პრობლემურია ის, რომ ღობე, როგორც ერთ-ერთი მთავარი ნივთიერი მტკიცებულება, არ იქნა ამოღებული, დალუქული და სათანადო წესით შენახული. ამით დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური მოთხოვნები და დაცვის მხარეს წაერთვა საკუთარი ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა. ღობის „ექსპერტიზები“ ჩატარებულია სერიოზული საპროცესო და პროფესიული ხარვეზებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს როგორც ექსპერტების კეთილსინდისიერებას, ისე დასკვნის სანდოობას. ღობის ორი ტრასოლოგიური ექსპერტიზა ისე ჩატარდა, რომ თავად ღობე ექსპერტებს თვალით არ უნახავთ“, — აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.
მთლიანობაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ქმნის ძლიერ საფუძველს დასკვნისთვის, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პირები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან, ხოლო მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაძლოა, წარმოადგენდეს დანაშაულის პროვოკაციის შედეგს, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრეცედენტულ სამართალს.