ჩინეთის, ირანისა და რუსეთის შუა დერეფნიდან ჩამოშორება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ოცნება” ანტიამერიკულ ქცევას შეცვლის – უილსონი

-ის კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ გააგრძელებს მუშაობას „მეგობარი აქტის“ წინ წასაწევად და მზად არის, დეტალურად შეისწავლოს იმ ბიზნესინტერესების გავლენა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ უილსონი გამოცემა The Hill-ისთვის გაგზავნილ წერილში საუბრობს.

უილსონი, რომელიც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა და სასამართლოში დაბარების უფლებამოსილება აქვს, ინტერესს გამოთქვამს ტეხასური ენერგოკომპანიის ხელმძღვანელის, სტივ ნიკანდროსის საქმიანობის მიმართ. კონგრესმენის განცხადებით, აუცილებელია გაირკვეს, რა გავლენას ახდენს კერძო ლობირება -ის პოლიტიკაზე საქართველოს საკითხში.

ჯო უილსონი The Hill-ისთვის გაგზავნილ ბოლო წერილში იცავს „მეგობარ აქტს“ და აცხადებს, რომ კანონპროექტი აუცილებელია სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების გასაძლიერებლად. მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენის შემცირება შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ შეცვლის საკუთარ პოლიტიკურ კურსს.

„ისტორიული მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, „ტრამპის მარშრუტის“ წარმატება საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ჩინეთის, ირანისა და რუსეთის შუა დერეფნიდან ჩამოშორება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა შეცვლის თავის ანტიამერიკულ ქცევას“, – განაცხადა უილსონმა.

The Hill-ის ინფორმაციით, ნიკანდროსი რესპუბლიკელ კონგრესმენებს „მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. წერილებში, რომლებიც კონგრესმენებს 19 იანვარს გაეგზავნათ, ის მიუთითებს, რომ მისი კომპანია საქართველოში დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს და აცხადებს, რომ მსგავსი კანონპროექტები ამერიკული ბიზნესის ინტერესებს დააზიანებს.

გამოცემის ცნობით, „მეგობარი აქტს“ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში, თუმცა მისი განხილვა ამ ეტაპზე სენატორ მარკვეინ მულინის მხრიდან არის დაბლოკილი. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიკანდროსს წარსულში ფინანსური შემოწირულობები აქვს გაღებული მულინისა და სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლების საარჩევნო კამპანიებისთვის, თუმცა თავად მულინი უარყოფს, რომ მისი პოზიცია ნიკანდროსთან არის დაკავშირებული.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ნიკანდროსი წერილებში აკრიტიკებს ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას, იცავს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივებს და ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის კონსერვატიულ პოლიტიკურ ძალებთან იდეოლოგიურ თანხვედრაშია.

ასევე დაგაინტერესებთ