Reuters – -მა დაკავებული ნავთობტანკერის ქართველი კაპიტანი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანა და ახლა აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზე იმყოფება

აშშ-მა დაკავებული ნავთობტანკერის ქართველი კაპიტანი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანა და ახლა -ის სანაპირო დაცვის ხომალდზე იმყოფება, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera იგივე Bella 1 ისლანდიასთან ახლოს 7 იანვარს დააკავა.

დაკავების შემდეგ ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის გემის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ავთანდილ კალანდაძის მეუღლის, ნათია ძაძამიას ადვოკატმა, აამერ ანვარმა განაცხადა, რომ ქართველი კაპიტნის შოტლანდიის იურისდიქციიდან გაყვანის შეჩერების მცდელობის მიუხედავად, კალანდაძე აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდ „Munro“-ზე იმყოფება.

„ჩვენი კლიენტის საქმის სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვა შეუძლებელია, რადგან მისი მეუღლე, ფაქტობრივად, აშშ-ის მთავრობამ გაიტაცა“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ასევე, ადვოკატის ცნობით, ტანკერის დანარჩენი წევრები ინვერნესში, დიდი ბრიტანეთის არმიის ცენტრში გადაიყვანეს. მისი თქმით, ეკიპაჟის ხუთმა წევრმა აშშ-ში გამგზავრება აირჩია, ხოლო დანარჩენებმა სამშობლოში დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადეს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ნავთობტანკერის ეკიპაჟის წევრების საქმე შესაბამისი საიმიგრაციო და სამართლებრივი მოთხოვნების მიხედვით განიხილება.

„რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეკავება და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემების წინააღმდეგ პასუხს ვაძლიერებთ და ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სულ ტანკერზე საქართველოს 6 მოქალაქე, ასევე, უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ