მედია: ირაკლი კობახიძის რა ციტატები მოხვდა „კლუნების ფონდის“ ანგარიშში – მზია ამაღლობელის საქმე

„უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა სასამართლო პროცესების დროს მაღალი თანამდებობის პირების წინასწარი განწყობის შემქმნელი, მიკერძოებული განცხადებებით,“ – აღნიშნულია კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

ეს ის ფონდია, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ დამოუკიდებლად შეისწავლა. ამ ფონდს ექსპერტად მიწვეული ჰყავდა ევროსასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სერ ნიკოლას ბრატცა. „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს ამონიტორინგებდა. სამართლის საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთ დარღვევად „კლუნების ფონდი“ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას მიიჩნევს.

  • დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული არ მიიჩნევა დამნაშავედ, ვიდრე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაამტკიცებს მის ბრალეულობას – ეს ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის მაღალჩინოსნები აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა ცილისმწამებლური განცხადებებით მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას და მის დამნაშავედ გამოცხადებას.

პროფესიით იურისტმა და „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არაერთხელ დაარღვია, ამის რამდენიმე მაგალითი და პირდაპირ ციტატა მოხვდა „კლუნების ფონდის“ ანგარიშში, მაგალითად, ეს:

„მზია ამაღლობელმა კონკრეტული დაკვეთა შეასრულა. მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი უწყებები, დაეკნინებინა პოლიცია, თუმცა მან ზუსტად ის პასუხი მიიღო, რაც ასეთ ქმედებას სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა გაეცეს. რა თქმა უნდა, ეს ხალხი ამით განაწყენებულია. ისინი, ვინც ცდილობენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკნინებას,“ – თქვა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 10 ივლისს.

2025 წლის ივლისში, ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა:

„აქაც იყო დაკვეთა. მე არ ვგულისხმობ კონკრეტულად კონკრეტული ადამიანის მიმართ დაკვეთას, მაგრამ დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეში გაარტყეს ხელი პოლიციის უფროსს. ერთ-ერთი მთავარი ქალაქის პოლიციის უფროსს, ეს მიზანმიმართული ქმედებები იყო…“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის კიდევ ერთი კომენტარი:

„[მზია] იქ პარტიული აქტივისტის როლს ასრულებდა და შესაბამისად, ამ ფაქტის მედიასთან დაკავშირება აბსოლუტური სპეკულაციაა… პოლიციელის ან სახელმწიფო წარმომადგენლის შეურაცხყოფა არ შეიძლება მიაყენო. თქვენ იცით, რომ პოლიცია ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტია. შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ერთ-ერთი სახელმწიფო ინსტიტუციის იმიჯი. სხვა არაფერს არ ემსახურებოდა ეს ყველაფერი…“

აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის მობილური ტელეფონი გამოძიებამ მისი დაკავებისთანავე ამოიღო და 9 თვე ეძებდა იქ „დამკვეთს“, მაგრამ ექსპერტის დასკვნის მიხედვით, „ოცნებამ“ მზია ამაღლობელის ტელეფონში „დიპ სთეიტი“ ვერ იპოვა.

„კლუნების ფონდის“ ანგარიშში მოხვდა „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების კომენტარებიც, მაგალითად, „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე . მან მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებამდე, განაცხადა:

„ვფიქრობ, კადრები ნათლად აჩვენებს, რომ ეს პოლიციელზე განზრახ თავდასხმაა, რაც სამწუხაროა,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • რატომ მიიჩნია „კლუნების ფონდმა“ ირაკლი კობახიძის განცხადებები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად? 

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(2) მუხლი მოითხოვს, რომ შესაბამისმა სასამართლო ორგანომ წინასწარ არ განსაზღვროს საქმის შედეგი.

წინასწარი განსაზღვრა შეიძლება გამომდინარეობდეს იმგვარი მსჯელობის არსებობიდან, რომელიც მიუთითებს, რომ სასამართლო ან ოფიციალური პირი ბრალდებულს დამნაშავედ მიიჩნევს, მაშინაც კი, თუ ასეთის ოფიციალური დასკვნა არ არსებობს,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, „უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა საჯარო თანამდებობის პირის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ პირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, რომელიც ასახავს მოსაზრებას, რომ იგი დამნაშავეა კანონით დადგენილი წესით მისი ბრალეულობის დამტკიცებამდე“.

ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი (UNHRC) ცალსახად აღნიშნავს, რომ „ყველა საჯარო ოფიციალური პირის მოვალეობაა, თავი შეიკავოს სასამართლო პროცესის შედეგის წინასწარ შეფასებისგან, მაგალითად – ბრალდებულის დამნაშავეობის დამადასტურებელი საჯარო განცხადებების გაკეთებისგან“.

„უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება ასევე კრძალავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ზედმეტად მიანიშნებს, რომ ბრალდებული დამნაშავეა. მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ განაცხადა, რომ „ბრალდებულები, როგორც წესი, არ უნდა იყვნენ ბორკილებით შეკრულები ან გალიებში გამოკეტილები სასამართლო პროცესების დროს ან სხვაგვარად არ უნდა იყვნენ წარდგენილი სასამართლოს წინაშე ისე, რომ ისინი შეიძლება იყვნენ საშიში დამნაშავეები“, – ვკითხულობთ „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

ევროსასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც „მზია ამაღლობელის საქმე“ შეისწავლა, მიიჩნევს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის საკითხს უკავშირდება მისი მინის კაბინაში გამოკეტვაც.

„მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება დაირღვა მის მიმართ სასამართლო პროცესის განმავლობაში განხორციელებული მოპყრობით. სასამართლომ მზია მოათავსა მინის გალიაში „აკვარიუმში“, სასჯელაღსრულების თანამშრომლების გარემოცვაში. იგი აკვარიუმში რჩებოდა საკუთარი ჩვენების მიცემის დროსაც.

მზია არის ფართოდ პატივსაცემი ჟურნალისტი, აქვს მხედველობის პრობლემები და არასოდეს ყოფილა ნასამართლევი. მისი აკვარიუმში მოთავსებით გამოწვეული სტიგმატიზაციის გამართლება უსაფრთხოების არანაირ გარემოებას არ ჰქონდა, რაც დასტურდება იმითაც, რომ სასამართლოს არ მიუთითებია არცერთი ობიექტური მტკიცებულებაზე, რომელიც ასეთ მიდგომას დაასაბუთებდა. ამასთანავე, სასამართლოს, როგორც ჩანს, არც განუხილავს, იყო თუ არა მზიას იზოლაცია, ანუ წინასწარი განწყობის შემქმნელი [მიკერძოებული] ეფექტი გამართლებული რაიმე ჰიპოთეზური საფრთხით, რომელსაც იგი [მზია ამაღლობელის მინის კაბინის გარეთ ყოფნა] შესაძლოა წარმოადგენდა,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

ამ გარემოებების გათვალისწინებით „კლუნების ფონდი“ ამ დასკვნამდე მივიდა:

„სასამართლო პროცესის დროს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების [მათ შორის პრემიერ-მინისტრის] მიერ იყო გაკეთებული უაღრესად მიკერძოებული წინასწარი საჯარო განცხადებები.

დოკუმენტირებული დარღვევები მზიას იმ უფლებებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით („ECHR“) და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით („ICCPR“), როგორც ეს ამ ანგარიშშია გაანალიზებული, ადასტურებს, რომ მისი სასამართლო პროცესი იყო უსამართლო და არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. შესაბამისად, არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს,“ – აღნიშნულია „კლუნების ფონდის“ ანგარიშში.

2025 წელს ირაკლი კობახიძისგან მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას, თუმცა ეს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით იაკობაძემ არც კი განიხილა.

ამ მოსამართლემ 2025 წლის 24 ნოემბერს განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, იყო „პოლიტიკური დებატის ფარგლებში” გაკეთებული განცხადება და ამისთვის არ შეიძლება მას პასუხისმგებლობა დაეკისროს. იმ დღეს მოსამართლის გადაწყვეტილებას „ქართული მართლმსაჯულებისთვის საშიში პრეცედენტი” უწოდა მზია ამაღლობელის ადვოკატმა ანა რეხვიაშვილმა.