Vivobarefoot-მა ბიო-დეგრადირებადი ფეხსაცმელი შექმნა – The Guardian

ფეხსაცმელი ძირითადად შედგება სინთეზური ქსოვილისგან, რეზინისგან, პლასტმასისა და ლითონისგან და ძალიან რთულია გადასამუშავებლად. გამოყენების შემდეგ, ფეხსაცმლის უმეტესობა ნაგავსაყრელზე ხვდება და შეიძლება ასობით წელი დასჭირდეს მის დეგრადირებას.ამ პრობლემის გადაჭრაზე მსოფლიოში უკვე მუშაობენ.
ლონდონში დაფუძნებული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია Vivobarefoot-ი Balena-სთან გაერთიანდა და ფეხსაცმლის ახალ, კომპოსტირებად მოდელზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მათ ერთად შეიმუშავეს ფეხსაცმლის პროტოტიპები, რომლებიც ჯერ კომერციულად არ არის ხელმისაწვდომი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღაზიაში დაასკანერებენ მომხმარებლის ფეხის მტევანს და შემდეგ 3D ბეჭდვის საშუალებით ბიოდეგრადირებადი ფეხსაცმელი 30 საათში იქნება მზად.
ამ ფეხსაცმლის საცალო ფასი 200-დან 260 გირვანქა სტერლინგამდე იქნება. მათ წარმოებაში გამოიყენება დაპატენტებული თერმოპლასტიკური BioCir flex, რომელიც შედგება 51% ბიო-მასალებისაგან და 49% ნავთობქიმიური პროდუქტებისგან.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი ალტერნატიული მასალები მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მათი დიდი რაოდენობით წარმოება შეუძლებელია, რადგან მათ არ გააჩნიათ ცხოველის ტყავის ყველა თვისება.
ბრიტანეთის ფეხსაცმლის ასოციაციის ბიზნესის განვითარების მენეჯერი, პოლი ლიტჰოლი აცხადებს, რომ წარმოების ადგილების ჩინეთსა და ინდოეთში გადატანამ მწვანე ალტერნატივების ფასი გაზარდა. მიუხედავად ახალი პროდუქტების გაჩენისა, ტყავი – მისი გამძლეობისა და შეკეთების უნარის გამო, მაინც ერთ-ერთ საუკეთესო მასალად რჩება და მაღალი ხარისხის ტყავის ფეხსაცმელი ფეხსაცმლის ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ვარიანტად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ