უკრაინის ქალაქ უჟგოროდში უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრების, დენის შმიგალისა და რობერტ ფიცოს შეხვედრა შედგა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა “ნდობისა და პატივისცემის” შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები ადასტურებენ შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას.
ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სლოვაკეთმა უკრაინის ევროპული ინტეგრაციისადმი თავისი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა დაადასტურა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის “მშვიდობის ფორმულისადმი” მხარდაჭერა.
გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ მხარეებმა შეთანხმებას არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე მიაღწიეს, მათ შორის, სლოვაკეთი არ დაბლოკავს უკრაინის მიერ სლოვაკური კომპანიებისგან იარაღისა და ტექნიკის შეძენას და მხარს დაუჭერს Ukraine Facility პროგრამას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.