ამ კვირას ტოკიოს უენოს ზოოპარკში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა დაემშვიდობონ ორ გიგანტურ პანდას, რომლებსაც 27 იანვარს ჩინეთში დააბრუნებენ.
“ხალხი სამ საათზე მეტხანს იდგა რიგში ტყუპი პანდების – სიაო სიაოსა და ლეი ლეის სანახავად,“ – წერს BBC.
ისინი იაპონიაში, ტოკიოს ზოოპარკში, 2021 წელს დაიბადნენ, მაგრამ ჩინეთის საკუთრებად მიიჩნევიან, რადგან ჩინეთი საკუთრების უფლებას ინარჩუნებს არა მხოლოდ ნაჩუქარ პანდებზე, არამედ მათ შთამომავლებზეც.
1949 წლიდან, ჩინეთი კეთილი ნების ჟესტად პანდებს სხვა ქვეყნებს ჩუქნის. სანაცვლოდ, მასპინძელი ქვეყნები პანდების თითოეული წყვილისთვის წლიურ გადასახადს დაახლოებით 1 მილიონ დოლარს იხდიან. ტოკიოს მთავრობამ ჩინეთის ხელისუფლებას სთხოვა ამ პანდების ნაცვლად მათთვის ახალი წყვილი გაეგზავნათ, თუმცა პეკინმა განაცხადა, რომ მსგავსი გეგმები არ აქვს.
პანდებს ჩინეთში გადაიყვანენ, სადაც ისინი თავდაპირველად კარანტინში იქნებიან, შემდეგ კი სიჩუანის პროვინციაში პანდების კვლევისა და კონსერვაციის ცენტრში თავიანთ ოჯახს დაუბრუნდებიან.
დარჩება თუ არა იაპონია პანდების გარეშე?
პირველი პანდები იაპონიას 1972 წელს აჩუქეს, როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნორმალიზდა. დღეს, 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, იაპონიას პანდები აღარ ეყოლება. როგორც აღმოჩნდა ამის მიზეზი ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობაა.
ცოტა ხნის წინ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ იაპონიის სამხედრო ძალები ჩაერევიან, თუ ჩინეთი ტაივანს დაესხმება თავს. პეკინი თვითმმართველ კუნძულს თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს და არ გამორიცხავს ძალის გამოყენებას “გაერთიანებისთვის“.
აღნიშნული განცხადების საპასუხოდ ჩინეთმა გაამკაცრა შეზღუდვები იაპონიაში იშვიათმიწა ლითონებთან დაკავშირებულ ექსპორტზე და შეაჩერა ზღვის პროდუქტების იმპორტი.
პეკინმა თავისი მოქალაქეებისთვის იაპონიაში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. იაპონიის ტურიზმის მინისტრის თქმით, გასულ თვეში იაპონიაში ჩინელი ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის განახევრდა.
“ჩვენ მათ დასამახსოვრებლად მოვედით. ისინი არა მხოლოდ საყვარელი ცხოველები, არამედ ჭკვიანებიც არიან. ძალიან დაგვაკლდებიან”, – აცხადებს გამოცემასთან ზოოპარკში მისული ოჯახი.
“პანდებთან დამშვიდობებისთვის“ 4400 ბილეთი იყო ხელმისაწვდომი და მთავრობის ცნობით, შეძენის სურვილი დაახლოებით 108 000 ადამიანმა გამოთქვა.
ზოოპარკის ზოგიერთი ვიზიტორი მათ თვალცრემლიანი ემშვიდობება.
ზოოპარკის თანამშრომლები გეგმავენ, პანდების სახლის ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნებას, როგორიც არის და იმედოვნებენ, რომ ბინადრები მათთან მალე დაბრუნდებიან.




