თამარ ქორიძე: ქალბატონ მზექალასგან, ალბათ, მსგავსი საქციელი არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ მაინც, ადგილზე გავშეშდი

ისტორიის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, თამარ ქორიძე:

ამ დღეებში, ქალბატონ მზექალა შანიძის საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით არა ერთი მოგონება, არა ერთი მისალოცი ტექსტი დაიწერა. მოუცლელობის გამო, მაშინ ვერ მოვახერხე, მეც მიმელოცა მისთვის ეს ღირშესანიშნავი დღე. მსურს, საჯაროდ, ღრმა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ და ჩემი მასთან ურთიერთობის ერთი ეპიზოდი გავიხსენო, რაც, კიდევ ერთხელ, წარმოაჩენს მის პიროვნულ და მოქალაქეობრივ ღირსებას.

ქალბატონი მზექალა ისტორიის ფაკულტეტზე ლექციებს არ კითხულობდა, ამიტომ ჩვენი, როგორც ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობა ვერ შედგა. ის მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე მუშაობის პერიოდში, ქალბატონ მარიამ ლორთქიფანიძესთან კაბინეტში, მისი სტუმრობისას, გავიცანი. გავიდა წლები. მე საქართველოს უნივერსიტეტში გადავინაცვლე. მოხდა ისე, რომ მისი შვილიშვილი ჩემს ჯგუფში აღმოჩნდა, საქართველოს ისტორიის ზოგად კურსზე. ქალბატონ მზექალას ბატონ ვალერი სილოგავას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შევხვდი. მოვიკითხეთ ერთმანეთი. ვუთხარი, რომ გიორგის ლექციებს ვუკითხავდი და სრულიად დამსახურებულად შევუქე. გაუხარდა, გაიღიმა, აღნიშნა, რომ წიგნიერი და კითხვის მოყვარული ბიჭიაო. გამოვემშვიდობე და გამოვბრუნდი. დამიძახა და მითხრა, იმის გამო, რომ ჩემი შვილიშვილია, თქვენ მას შეღავათი არ გაუწიოთო. ქალბატონ მზექალასგან, ალბათ, მსგავსი საქციელი არავის გაუკვირდებოდა, მაგრამ მაინც, ადგილზე გავშეშდი. მცირე პაუზის შემდეგ, დავამშვიდე, ჩვენ უნივეტსიტეტში ისეთი სისტემაა, გულით რომ მინდოდეს, მაინც ვერ დავეხმარები-თქო. ძალიან კარგიო, მიპასუხა.

ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, დიდი მეცნიერები არა მარტო თავიანთი ნაღვაწითა და ფასეული სამეცნიერო მემკვიდრეობით ტოვებენ წარუშლელ კვალს ერის მეხსიერებაში, არამედ პიროვნული ღირსებებით, პრინციპულობით, ობიექტურობით, მიუკერძოებლობით, კეთილსინდისიერებით, რაც თქვენ წარმატებულ მომავლზე პასუხისმგებლობით, ქვეყნის ერთგულებითა და პროფესიისადმი პატივისცემით არის ნაკარნახევი.

მზეგრძელობა, მხნეობა, კეთილდღეობა ქალბატონ მზექალას.

ასევე დაგაინტერესებთ