რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას და ქალბატონ ლორას, [თორნტონი] ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც პირდაპირი გაგებით სძულს საქართველო, სძულს სიკეთე, მშვიდობა, პარტნიორობა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს ვერავინ ვერაფერს დააკლებს, თუ „სწორ პოზიციაზე ვიდგებით“.
„თავისი ქვეყნის პრეზიდენტს ლანძღავს და რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეს ნეგატივი. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ლორა თორნტონი 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული, თემით – „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში NDI-ის ოფისს ხელმძღვანელობდა.




