საპატრიარქო შაბათის ეთერის გამოძიებას განცხადებით გამოეხმაურა

საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ ზნეობრივ კომისიას თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მომხდარი სავარაუდო უმძიმესი დანაშაულის შესახებ უკვე ეცნობა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებით გამოეხმაურა „შაბათის ეთერის“ მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასულიერო პირის მხრიდან გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური შევიწროების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით მრევლს საპატრიარქოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავს. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის შემდგომი განხილვისთვის შესაბამის ოფიციალურ წერილს ელოდებიან.

ამა წლის 24 იანვარს ტელეკომპანია ,,TV პირველმა”  გაავრცელა ინფორმაცია თბილისის ერთ-ერთ ტაძარში მრევლის ნაწილის მხრიდან სასულიერო პირის მიმართ წაყენებული მძიმე ბრალდებების შესახებ.
▪️ სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მრევლმა საპატრიარქოს საჩივრით უკვე მიმართა, რაც არის უზუსტობა.
▪️ სინამდვილეში, ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისიის ერთ-ერთ წევრს ეცნობა სავარაუდო დანაშაულის შესახებ.  კომისიაზე საკითხის წარსადგენად საჭიროა ოფიციალური მომართვა და სხვა შესაბამისი პროცედურები, რის შესახებაც მრევლს მიეცა განმარტება.
▪️ ამ ეტაპზე ზნეობრივი კომისია ოფიციალურად, წერილობით ელოდება აღნიშნულ მომართვას, რის შემდეგაც საკითხს მიეცემა მსვლელობა.

სტიქაროსნები ერთ-ერთი თბილისის ტაძრის მღვდელს სექსუალურ შევიწროებასა და გარყვნილ ქმედებებში ადანაშაულებენ. ინფორმაციას “შაბათის ეთერს” წყარო აწვდის. ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, დაახლოებით ორი კვირის წინ, ტაძრის წინამძღვარს მრევლის ნაწილი ეკლესიის ეზოში დაუპირისპირდა.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთმა მოზარდმა ლოცვაზე წასვლაზე უარი თქვა და მოგვიანებით მშობლებს უამბო, რომ სულიერი მოძღვარი საკურთხეველში არასათანადოდ იქცეოდა. შემდგომ სხვა მშობლებთან კონტაქტის შედეგად გაირკვა, რომ შესაძლო მსხვერპლი ერთზე მეტი არასრულწლოვანი შეიძლება იყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლი ასევე გახდა ძალოვანი უწყების თანამშრომლის სრულწლოვანი ოჯახის წევრი. სკანდალის ფონზე, წყაროს მტკიცებით, მღვდელი მრევლს აღსარების გათქმით დაემუქრა.