მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას პროცესზე ვიდეოები გამოიკვლიეს

დღევანდელ პროცესზე მინდია შერვაშიძისა და თორნიკე თოშხუას წინააღმდეგ საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.

პროკურორი კადრების ჩვენების პარალელურად აღნიშნავდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულ ბექა გოცირიძეს ხელს კრავენ, ძალადობენ მასზე, ურტყამენ ხელსაც და ფეხსაც, და რომ 20-მდე პირი იყო ჩართული მის წინააღმდეგ ძალადობაში.

დაცვის მხარეც, თავის მხრივ აღნიშნავდა, რომ კადრებში ასევე ჩანდა ბექა გორიციძის მიერ აქციის მონაწილეების მისამართით სახეში ხელის დარტყმის მომენტიც, ფიზიკური შეხების ინიცირება და ა.შ.

ერთ-ერთი ვიდეონაწყვეტის ჩვენებისას კი ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ სასამართლოს ყურადღების გამახვილება სთხოვა – მისი თქმით, ბექა გოცირიძეს ხელი წაღებული აქვს ჯიბისკენ, რაც ადასტურებს იმას, რომ მას დანის ამოღების მცდელობა ჰქონდა.

– ადვოკატი ომარ ფურცელაძე: შეტაკების მომენტში, თორნიკე თოშხუასთან, აშკარად ჩანს, რომ ბექა გოცირიძეს ხელი წაღებული აქვს უკანა ჯიბისკენ. დაცემისას კი გარკვეული საგანი ვარდება, რომელსაც იღებს ვლადიმერ ბეროზაშვილი. მან ეს ცივი იარაღი – დანა გადასცა პოლიციას.

– პროკურორი ნინო ჟვანია: შარვალს ისწორებს ბატონო მოსამართლევ.

– ადვოკატი: მთავარი აქცენტი აქ არის ნივთზე, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია ერთმნიშვნელოვნად, რომ ვლადიმერ ბეროზაშვილია ის, ვინც იღებს ცივ იარაღს და გადასცემს პოლიციას, ცივი იარაღი ილუქება სათანადო წესით, მას იღებს პოლიცია და ინახება გამომძიებელ კორნელი კირცხალიასთან.

მოცემულ შემთხვევაში spyderco-ს დანა დამაგრებულია სისხლის სამართლის საქმეზე, ფაქტია და დადასტურებულია, რომ ამოუვარდა ბექა გოცირიძეს, რასაც არც თავად უარყოფს. და ფაქტია, რომ სწორედ ის დანაა, რომელიც სისხლის სამართლის საქმეზეა დამაგრებული…

…ბექა გოცირიძე შარვალს ისწორებს თუ ჯიბეში ხელი აქვს, ამას მხარეები დასკვნით სიტყვაში შევაფასებთ, თუმცა ფაქტია, რომ არამხოლოდ ერთ მომენტში, არამედ მინიმუმ ორგან ეს ადამიანი ცდილობს ცივი იარაღის ამოღებას და სავარაუდოდ, იღებს კიდეც, ვინაიდან ვარდება [დანა]“, – განაცხადა დამატებით ფურცელაძემ.

– პროკურორი: რაც ამ ვიდეოკადრში ვნახეთ არის ის, რომ თორნიკე თოშხუა ძირს აგდებს და შემდეგ წიხლს ურტყამს მუცლის არეში, ბექა გოცირიძეს ხელში არაფერი უკავია, არც დანის ამოვარდნის მომენტი არ დამინახავს და გარბის შემდეგ ბექა გოცირიძე.

გასულ პროცესზე, როდესაც სასამართლოში დაზარალებულის სტატუსის მქონე ბექა გოცირიძე დაიკითხა, აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის დროს თან დანა ჰქონდა, თუმცა მისი ამოღება არ უცდია. მისი თქმით, ეს დანა მას ჯიბიდან ამოუვარდა.

პროცესის მიმდინარეობისას მინდია შერვაშიძემ პროკურორს ასევე ჰკითხა: ხალხმრავალ ადგილზე დანით შეიძლება შესვლა?

პროკურორი ნინო ჟვანია: ყველა პირი, ვინც დანას ატარებს, თუ ადმინისტრაციულია, ადმინისტრაციულად ჯარიმდება, თუ სისხლის დანაშაულია, სისხლის სამართლებრივად გასამართლდება.

ადვოკატის შეკითხვის პასუხად მან აღნიშნა, რომ:

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაჯარიმებულია, ზუსტად არ ვიცი, რადგან ეს საკითხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცდება”, – განაცხადა პროკურორმა.

ვრცლად