დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან დაბრუნებისას, Air Force One-ის ბორტზე საუბრისას ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა.
“იმ მიმართულებით ბევრი გემი მიდის, ყოველი შემთხვევისთვის. მე არ მსურს, რაიმე მოხდეს, მაგრამ მათ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით… ჩვენ გვაქვს არმადა, რომელიც იმ მიმართულებით მიემართება, თუმცა შესაძლოა მისი გამოყენება არც კი დაგვჭირდეს”, – განაცხადა აშშ – ს პრეზიდენტმა.

გავრცელებული ცნობებით, ავიამზიდი USS Abraham Lincoln და მართვადი რაკეტებით აღჭურვილი, რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი ამ დღეებში ახლო აღმოსავლეთში უნდა ჩავიდეს. რეგიონში ასევე დამატებითი იგზავნება საჰაერო თავდაცვის სისტემებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ბაზების გარშემო განთავსდება. დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ კატარის თხოვნით დოჰაში 12-ე ესკადრილიის RAF Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლებს გაგზავნის.
ორი კვირის წინ, მიუხედავად ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომ “დახმარება გზაში იყო“ დონალდ ტრამპმა უარი თქვა ირანზე სამხედრო თავდასხმაზე, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ანალიტიკოსების პროგნოზია, რომლებმაც აშშ – პრეზიდენტს მოვლენების განვითარების ისეთი ვარიანტი ვერ წარუდგინეს, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევა თეირანში რეჟიმის ცვლილებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებდა. ტრამპს თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ სპარსეთის ყურის ქვეყნებმაც მოუწოდეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ჟენევაში იკრიბება, რათა იმ პროტესტების ჩახშობა განიხილოს, რომელიც 28 დეკემბერს, მას შემდეგ დაიწყო რაც, ეროვნული ვალუტის რიალის ღირებულების უპრეცედენტო ვარდნის საპასუხოდ მოვაჭრეები თეირანის ქუჩებში გამოვიდნენ. პროტესტი სწრაფად გავრცელდა და მოთხოვნები გაფართოვდა, მათ შორის გაისმა მთავრობის დასრულების მოწოდებებიც, აღნიშნული მოვლენები 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ყველაზე სერიოზულ და სისხლიან არეულობაში გადაიზარდა, რომლის შედეგად აშშ-ში დაფუძნებულმა Human Rights Activists News Agency-მ (HRANA) მონაცემებით, 5 002 ადამიანი, მათ შორის 43 ბავშვი დაიღუპა, HRANA-ს ცნობით, პროტესტებთან დაკავშირებით, სულ მცირე, 26 541 ადამიანი არის დაკავებული.




