გირაოთი გაათავისუფლეს იგივე საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ორი სხვა პირიც.
ოთხივე პირის მიმართ, რომლებმაც რესტორანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დაცვის პოლიციელებს სცემეს, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო პროკურატურამ მოითხოვა.
„ინფო იმერეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელი, მიხეილ გიგაურია, ქუთაისის პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტში მონაწილე არცერთი პირი, სასამართლო პროცესამდე დაკავებული არ ყოფილა. ჩვენი ინფორმაციით, საქმე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან თხელიძემ განიხილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციის დასაზუსტებლად მივმართეთ, თუმცა სასამართლომ წერილობითი მიმართვის გაგზავნა მოგვთხოვა, საჯარო ინფორმაციის გასაგებად – რომელმა მოსამართლემ განიხილა საქმე და რა გადაწყვეტილება გამოიტანა.
- რა მოხდა
19 იანვარს, მოწამეთაში (ტყიბულის მუნიციპალიტეტი) მდებარე რესტორან „იბერიაში“ შს სამინისტროს თანამშრომლებს შორის ჩხუბი მოხდა.
პროკურატურის ბრალის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მიხეილ გიგაურმა, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტთან და ორ სხვა თანმხლებთან ერთად ჯგუფურად იძალადა შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელზე და მათ თანმხლებ პირზე.
როგორც რესტორან „იბერიაში“ კონფლიქტის შემსწრე ერთ-ერთი პირი ტელეკომპანია „პირველს“ მოუყვა, კონფლიქტი რესტორანში რუსული სიმღერის გამო დაიწყო.
თვითმხილველის თქმით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა რესტორნის მუსიკოსებს შუფუტინსკის სიმღერა „უტკი“ შეუკვეთეს. მეზობელ მაგიდაზე მსხდომ შსს-ს მაღალჩინოსან პოლიციელს კი სხვა სიმღერის შეკვეთა სურდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მათ თანმხლებ ორ პირთან ერთად, განახორციელეს ჯგუფური ძალადობა და ურთიერთშელაპარაკებისას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.
ძალადობაში მონაწილე ოთხივე პირს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- რას მოიმოქმედებს შსს
საქმეში მონაწილე პირების ნაწილი – დაზარალებულები და ერთი ბრალდებულიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან.
ჯგუფური ძალადობის მუხლით გირაოთი გამოშვებული მიხეილ გიგაური ქუთაისში მუშაობს. ის შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეექვსე განყოფილების უფროსია.
შეუჩერდა თუ არა ძალადობაში ბრალდებულ პოლიციის უფროსს უფლებამოსილება – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ შინაგან სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვითხრა, რომ “ჩხუბში მონაწილე პოლიციის უფროსი დათხოვნილია სამსახურიდან”.
__
შეგახსენებთ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს 4-დან 7-წლამდე დაპატიმრებას უპირებდა პროკურატურა. ის მოსამართლე ნინო სახელაშვილმა წინასწარი პატიმრობის ეტაპზეც ციხეში გაუშვა, ხოლო საქმის განხილვის დასრულების შემდეგ 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელი უკვე ერთ წელზე მეტია უკანონო ტყვეობაშია.




