მედია: ტროტუარზე დგომის გამო ხალხის დაკავებას უარყოფს – რით იმართლებს თავს გელაძის უწყება

გელა გელაძის უწყება ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაკავებას უარყოფს. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სამოქალაქო აქტივისტები სასამართლომ პატიმრობაში არა ტროტუარზე დგომის გამო, არამედ სხვა მოქალაქეებისთვის ტროტუარზე გადაადგილებაში ხელის შეშლისთვის გაუშვა.

გვსურს გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მანიპულაცია, რაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, როდესაც შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე იმართება. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს კანონით ეკრძალება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.

კონკრეტულ შემთხვევაშიც, ვინაიდან, 2025 წლის 17-18 დეკემბერს, შეკრების მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა სასამართლოს, ამ პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვის დროს წარმოდგენილი და შეფასებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რისთვისაც მათ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები დაეკისრათ,” – წერია -ს განცხადებაში. 

წყარო