იაგო კაჭკაჭიშვილი – ციხეში ჩასმა ტროტუარზე დგომის გამო აბსურდის ყველა რეკორდს ხსნის

ციხეში ჩასმა ტროტუარზე დგომის გამო – როგორც თავად ფაქტი და ასევე ამ ფაქტის განმაპირობებელი კანონმდებლობა აბსურდის ყველა რეკორდს ხსნის, – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ეს არის დაშინების მექანიზმი და ხელისუფლების განზრახვაა, რომ ხალხი ქუჩაში საერთოდ არ გავიდეს და მშვიდობიანი ფორმებით პროტესტი არ გამოხატოს.

„მორალთან მწყრალად არის ამ ტიპის ქცევა და ამ ქცევის განმაპირობებელი კანონი. ინდიკატორია იმისა, რომ ჩვენ ვართ ავტორიტარულ რეჟიმში, რომელიც უკვე დიქტატურის გზაზეა შემდგარი. ამ ლოგიკით თითოეული ჩვენგანი, ვინც აქციებში მონაწილეობდა, ვინც ვდგავართ და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში. იქ არის ნიუანსები, რომ პოლიცია მოდის, გაფრთხილებს და 15 წუთის ფარგლებში მისი ეს გაფრთხილება უნდა გაითვალისწინო და გადახვიდე, მაგრამ სად უნდა გადახვიდე? ცაში უნდა აფრინდე თუ ტყეში გადაფრინდე? გარეთა სივრცეში თუ გამოხვედი და ისეთ ადგილას გააპროტესტე, სადაც ხალხი მოძრაობს, უკვე საეჭვო ადამიანი ხარ და ციხეში ჩასმას ექვემდებარები. ეს აბსურდი ძალიან კომიკური იქნებოდა, ადამიანების ბედთან რომ არ გვქონდეს საქმე. ეს არის დაშინების მექანიზმი, განზრახვა ასეთია, რომ ხალხი არ გავიდეს საერთოდ და მშვიდობიანი ფორმებით პროტესტი არ გამოხატოს“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ამასთან, როგორც კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადებები დებატების აუცილებლობაზე კავშირშია ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაჭერასთან.

მისივე თქმით, პრემიერს დებატების თემით „დაჭერების თემის“ განეიტრალება უნდოდა.

„კრიტიკული მედია დღეს საქართველოში სულს ღაფავს იმიტომ, რომ დაფინანსების ლეგიტიმური და ლეგალური წყაროები მოუსპეს, ადამიანები ხელფასს ვერ იღებენ და დახურვის პირას არიან. ასეთ გარემოში დებატებზე ხაზგასმა და აქცენტირება ფარსია. ეს არის ილუზია, ეს არის დაცინვა ქართული საზოგადოების მიმართ. ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი დახურულია საქართველოში და საქართველოში დემოკრატიას დებატები ვერ გადაარჩენს. მე ვფიქრობ, რომ არაფერი ხდება შემთხვევით. დებატებზე განცხადებები აუცილებლად კავშირშია ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაჭერასთან. უნდოდათ, რომ სალაპარაკო თემა ეს გამხდარიყო. უნდოდათ, დღის წესრიგი შეექნათ დებატების თემით და რაღაცნაირად გაენეიტრალებინათ დაჭერების თემა ან გადაეფარათ“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.