დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული

თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ „ჩელსიში“ თავისი ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე გააკრიტიკა.

2017 წელს კონტემ კოშტას შეტყობინება გაუგზავნა, რომლითაც მიანიშნა, რომ გუნდიდან უნდა წასულიყო. 2018 წლის იანვარში ბრაზილიელი „ატლეტიკოში“ გადავიდა.

იტალიელი „ჩელსის“ 2016-2018 წლებში ედგა სათავეში და გუნდი მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

„მას რაღაც შიდა პრობლემები ჰქონდა, რადგან ესმოდა, რომ ეს არანორმალურია, როდესაც საუკეთესო ბომბარდირზე იმედებს არ ამყარებდა. მარინა გრანოვსკაიას მივწერე და მან მაშინვე მითხრა, რომ რაც ანტონიომ გააკეთა, დაუშვებელი იყო, რამეთუ ის კლუბის მფლობელი არ გახლდათ. მას შემდეგ, რაც გუნდისთვის ამდენი გავაკეთე, ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი.

ეს ადამიანი სხვებს არ ენდობა. ჰგონია, ყველაფერი იცის. მის ვარჯიშებზე სიამოვნებას ვერ იღებ, მუდამ გაბრაზებულია, ყოველთვის მოღუშული სახე აქვს. ალბათ, სახლში სექსი არ აქვს, ვინაიდან სულ ცუდ ხასიათზეა.

ეს სამწუხაროა, რამეთუ „ჩელსიში“ ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ არ მინდოდა კლუბისთვის პრობლემები შემექმნა. ფეხბურთელებს სურდათ დავბრუნებულიყავი. კონტეს ვერავინ ვერ იტანდა. ტიტულები, რომლებიც გუნდმა მოიგო, მან ჩემთან ერთდ მოიპოვა – მისდა საუბედუროდ. ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“, – თქვა კოშტამ ჯონ ობი მიკელის „იუთუბის“ არხის პოდკასტში.

2019 წელს, როცა „ინტერის“ თავკაცი იყო, კონტემ „ეკიპთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოთამაშეებს რჩევა მისცა:

„სეზონის განმავლობაში ბიჭებს მინიმალური ძალისხმევით სწრაფ სექსს ვურჩევ. ეს ისე უნდა გააკეთონ, რომ პროცესისას პარტნიორი ზემოდან იმყოფებოდეს. ასევე სექსი  მეუღლეებთანაა სასურველი, რადგან სხვები უფრო დიდ ენერგიას მოითხოვენ“.