ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან. მომივიდა საქმე და საქმეში რა არის: ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი – მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე შეწყდება,- ამ ის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მის წინააღმდეგ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე, რომელიც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იმისთვის აღძრა, რათა მან უკან დაიხიოს.
„ჩავრთე ტელევიზორი და გამოაცხადეს, რომ 15-წლიანი მუხლით მემუქრებიან. მომივიდა საქმე და საქმეში რა არის: ცარიელი ფურცელი, სახელი, გვარი და 15 წელი. მეტი არაფერი არ წერია, საერთოდ არაფერი არ არის საქმეში. მე უბრალოდ ვეუბნები საზოგადოებას, რომ ეს არის, რა რეალობაშიც ვცხოვრობთ. მინდა, რომ მე კი არა, არავინ არ იცხოვროს ამ რეალობაში და ამიტომ ვიბრძვით და უკან დახევა კი არა, იქნება შემართება, იქნება მობილიზება, გვერდში დგომა, ერთმანეთს გამხნევება და წავალთ წინ, იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ უბრალოდ მშობლებს და შვილებს ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდეთ. წარმოიდგინეთ, პატიმრები არიან ამ საპატიმრო დაწესებულებაში, მაგალითად ვიტყვი, ლევან ხაბეიშვილს, რომლებსაც შვილებს არ ახვედრებენ. შვილმა რა უნდა დააშავოს, რაც არ უნდა საქმე იყოს, არასრულწლოვან შვილთან შეხვედრამ რა უნდა დაუშავოს ადამიანს.
ეს საქმე არის არაფერი, მე მაქვს მოლოდინი, რომ ეს საქმე შეწყდება, მაქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეშიც გავიმარჯვებ და ჩვენს ბრძოლაშიც გავიმარჯვებთ და მე მაქვს რწმენა იმის, რომ ყველა ერთად, ძლიერად და ღირსეულად შევაბიჯებთ ევროკავშირში. ამ საქმეში არაფერი არ არის – წარმოიდგინეთ, ჩემი საქმე არის იგივე, რომ ხვალ დილით ნებისმიერმა თქვენგანმა გაიღვიძოთ, ჩართოთ ტელევიზორი და გენერალური პროკურორი გამოდის, რომ თქვენ გდებთ მკვლელობაში ბრალს, ოღონდ არც მოკლული არსებობს, არც არაფერი არსებობს, უბრალოდ გეუბნებათ, რომ ბრალდებული ხართ და უნდა ჩაგსვათ ციხეში, არავინ არ მოუკლავთ, მაგრამ თქვენ მაინც ვიღაც მოკალით. რანაირად შეიძლება, რომ ეს საქმე რამენაირად წინ წავიდეს. ვერ წავა. ჰგონიათ, რომ ჩვენ უკან დავიხევთ და არ დავიხევთ უკან! ჩვენ უკან ვერ დავიხევთ, იმიტომ, რომ ჩვენს უკან არის ხალხი, ჩვენს უკან არის ჩვენი სამშობლო, სამშობლოს სიყვარულია, ჩვენი შვილებია, რანაირად დავიხიოთ უკან, სად წავიდეთ? განა წასასვლელი არ გვაქვს, ნებისმიერ ქვეყანაში წავალთ და ბევრს მივაღწევთ, მაგრამ მინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს წარმატებული და არ ვაპირებ უკან დახევას და ვაპირებ ბრძოლას!”, – განაცხადა ვაშაძემ.




