საქართველოს მთავრობამ 2021 წელს გამოშვებული $500-მილიონიანი ევროობლიგაციების წინმსწრებად დაფარვისა და ახალი ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. გამოსყიდვის ოპერაცია, არსებული გეგმით, 2026 წლის 28 იანვრისთვის უნდა დასრულდეს.
ფინანსისტი ვასილ რევიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ემისიის ჯამური შემოსავლიანობა (yield), სავარაუდოდ, 6.2%-დან 7%-მდე ფარგლებში იქნება.
„თუ შემოსავლიანობა 6.5%-დან 7%-მდე იქნება, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია იმ ფონზე, როცა მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთები ეცემა. ვფიქრობ, 6.2%-დან 6.7%-მდე შემოსავალი არაჩვეულებრივი ბალანსია რისკსა და სარგებელს შორის. საქართველო არ არის ვენესუელა, ქვეყანა სტაბილურად ასრულებს ფინანსურ ვალდებულებებს, რაც ინვესტორებისთვის პოზიტიური სიგნალია“, — ამბობს ვასილ რევიშვილი BMG-სთან.
2021 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი 2.75%-ს შეადგენდა, თუმცა დღევანდელი გლობალური ფინანსური კონიუნქტურა მნიშვნელოვნად შეცვლილია. ვინაიდან აშშ-ის 5-წლიანი სახელმწიფო ობლიგაციების განაკვეთი ამჟამად 3.82%-ია, ახალი ქართული ევრობონდების პროცენტი ამ ნიშნულზე დაბალი ვერ იქნება.
წინასწარი მოლოდინით, ეს სხვაობა (სპრედი) 1.5%-დან 2%-მდე იქნება. ვასილ რევიშვილი ასევე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოხდეს ე.წ. „როლოუვერი“ (rollover) – პროცესი, როდესაც არსებული ინვესტორები ძველი ობლიგაციების ნაღდი ფულით დაფარვის ნაცვლად, პირდაპირ ახალ ფასიან ქაღალდებში გადაინაცვლებენ.
„ისეთი ბანკები, როგორიცაა J.P. Morgan-ი და Citigroup-ი, ამ პროექტს არ აიღებდნენ, რომ ვერ ხედავდნენ რეალურ დაინტერესებას. წარუმატებლობის შემთხვევაში მათი შემოსავალი მიზერული იქნებოდა, ამიტომ მათი ჩართულობა წარმატებული განთავსების ერთგვარი გარანტიაა“, – ამბობს რევიშვილი.
საბოლოო საპროცენტო განაკვეთი უახლოეს პერიოდში, „ბუქბილდინგის“ (ინვესტორთა განაცხადების მიღების) პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
პროცესში ჩართულები არიან გლობალური ფინანსური გიგანტები: Citigroup, J.P. Morgan, ICBC და Société Générale, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე საბროკერო მომსახურებას „გალტ ენდ თაგარტი“ და „თიბისი კაპიტალი“ უზრუნველყოფენ.




