ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული “არმადა” ირანს უახლოვდება. შტატების ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არ მოუწევს. ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რატომ შეიძლება განიხილავდეს ირანზე შეტევის განხორციელებას, თუმცა ოფიციალური თეირანი გააფრთხილა, რომ მის ყოველ ნაბიჯს ყურადღებით დააკვირდება.
მედიასთან საუბრისას ტრამპმა დაადასტურა, რომ ავიამზიდი “აბრაამ ლინკოლნი” მთელ საზღვაო “არმადასთან” ერთად უკვე ყურის ქვეყნებს უახლოვდება და მალე იმ დისტანციაზე იქნება, როცა ოფიციალურ თეირანზე დარტყმების განხორციელებაც შეეძლება.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ გადაწყდა ავიამზიდის გაგზავნა ირანში საპროტესტო აქციების სისხლიანი ჩახშობიდან 1 კვირაში, ტრამპმა უპასუხა, რომ საზღვაო ძალების გადასროლის მიზანი რეგიონში მდებარე ამერიკული ბაზების დაცვა და მოვლენების შემდგომი ესკალაციის აღკვეთაა.
შეგახსენებთ, ირანში, გასული წლის მიწურულს დაწყებული დემონსტრაციების პარალელურად, ტრამპმა ირანელ ხალხს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა და თქვა ისიც, რომ “დახმარება გზაში იყო”, თუმცა, ამ ეტაპზე, ოფიციალურმა თეირანმა პროტესტის სისხლში ჩახშობა მოახერხა. არსებული მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 5,000-ს აჭარბებს, საიდანაც 4,500-ზე მეტი სწორედ აქციის მონაწილეა.
ანალიტიკოსების ნაწილისთვის გაუგებარია, თუ რა მიზანს ისახავს შტატების მიერ ავიამზიდ “აბრაამ ლინკოლნის” გადასროლა სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ახლო აღმოსავლეთისკენ, რადგან საპროტესტო აქციები უკვე მკვეთრად შესუსტდა და ასობით დაკავებული ადამიანის სიკვდილით დასჯის აღკვეთაც დიპლომატიური არხებით მოხერხდა. თუმცა ექსპერტების მეორე ნაწილი ვარაუდობს, რომ მიზანი ირანში საპროტესტო აქციების განახლების შემთხვევაში პროცესებში პირდაპირი ჩარევაა და ირანის ხელისუფლებისა და ჯარების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაა.




